„ერთი წლის წინ, ათასობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა საკუთარი დემოკრატიული უფლებების, სამოქალაქო თავისუფლების და პირველ ყოვლისა, ძლიერი ევროპული მისწრაფებების დასაცავად. მათი გზავნილი და მათი სურვილი, იყვნენ ევროპის ნაწილი, თანმიმდევრული და გაბედული იყო, პოლიტიკური ზეწოლის, შეზღუდვების, დაშინებისა და საზოგადოებრივი სივრცის შევიწროების მცდელობების მიუხედავად, ბევრმა მათგანმა გამორჩეული გამძლეობა გამოიჩინა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა, მათ შორის ევროპარლამენტმა რამდენჯერმე გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო.
„ჩვენი შეშფოთება ეხება კანონის უზენაესობის გაუარესებას, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას და 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიზანმიმართული დეზინფორმაციითა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებით“, – აღნიშნა დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა.
მარი ბიერეს თქმით, წელს საქართველო ჩამოშორდა პარლამენტებს შორის რეგიონულ თანამშრომლობას მაშინ, როდესაც დიალოგი ყველაზე მეტად არის საჭირო.
„საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა ერევანში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაში. საბჭოში გამართულმა დისკუსიებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი. სამწუხაროდ, საქართველო ნათლად განიცდის უკუსვლას ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებით, რომელთა შესრულების გათვალისწინებით მიენიჭა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა და ეს ასე იქნება, ვიდრე ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება. ამისთვის საჭიროა ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსის, ჟურნალისტის და აქტივისტის გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების ჩატარება ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული ნარატივების შეწყვეტა.
თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება. ჩვენ არ გამოგვაქვს ვერდიქტი. ჩვენ ვთავაზობთ ევროპული მომავლის გზამკვლევს, რომელიც შეესაბამება ქართველების უმრავლესობის სურვილს. როდესაც პროტესტის ერთი წლისთავს ვიხსენებთ, მოდით, პატივი მივაგოთ ათასობით ქართველს, სტუდენტს, ჟურნალისტს, აქტივისტსა და რიგით მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად იბრძოდნენ დემოკრატიისთვის. მათ ძალადობა, დაშინება და უსამართლო დაკავებები დახვდათ, მაგრამ ისინი არ დანებდნენ. მათი გამბედაობა შეხსენებაა, რომ ევროპული ღირებულებები საქართველოში ცოცხალია“, – განაცხადა მარი ბიერემ.

