გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრის შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარებმა გამოთქვეს მზაობა, რომ აშშ-ის სოფლი მეურნეობის დეპარტამენტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ იმ საკითხებზე რაც უკავშირდება საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის განვითარებას.
ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობას. აღნიშნულ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ასევე, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა ამერიკულ კომპანიებთან რეგიონში სატრანზიტო დაკავშირების კუთხით არსებული საკითხები და შეთავაზებები განიხილოს.
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ალან პერსელს ამერიკასა და საქართველოს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის როგორც აგრარული, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებებით.
შეხვედრაზე განხილული იყო სატყეო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, ასევე, ეროვნული პარკების მართვისა და განვითარების საკითხები.

