განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, პირველ რიგში, რომ არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში ქართული წარმოების აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
„დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შესაძლებლობას, რომელიც აქვს ადგილობრივ მწარმოებლებს, ერთი მხრივ, გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და, მეორე მხრივ, მოხდეს ფასების კლება, რაც, ჯამში, აუცილებლად აისახება პოზიტიურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ მწარმოებლებს შეხვდა. როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, პირველადი ინფორმაციით, არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ ქსელურ მარკეტებში. კომისიის სხდომას ადგილობრივი წარმოების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა.

