„ქართულ ოცნებას“ გააჩნია ძალიან მყარი პოლიტიკური ორიენტირი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რაზე იქნება ორიენტირებული პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა.
დავით მათიკაშვილის თქმით, ხელისუფლების ორიენტირი და მიზანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ, 2012 წლიდან, თუმცა გამორჩეულად ბოლო ეს რამდენიმე წელიწადია მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო და არის სამწუხაროდ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. უნდათ ქვეყანა პროქსი მოცემულობად გამოიყენონ, პირდაპირ დავარქვათ, საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ ქართველი ხალხი იმისთვის, რომ გლობალურმა „დიფ სთეითმა“ თავის მავნებლურ მიზნებს მიაღწიოს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ბუნებრივია, ორიენტირიც შესაბამისად აქვს ხელისუფლებას გაცხადებული იმ მიზნების მისაღწევად, რაც ერთი მხრივ წინ აღუდგება ამ ბოროტი განზრახვების შესრულებას და მეორე მხრივ გააგრძელებს ქვეყნის მყარ, მდგრად განვითარებას.
„ეს არის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ 9,3 პროცენტიანი ზრდა გვაქვს ბოლო რამდენიმე თვეში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ეს არის ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და რომლის მიღწევაც აბსოლუტურად შესაძლებელია.