უსამართლო დამოკიდებულების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა შეწყვიტა, ამ საკითხზე ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, საქართველოს ევროპის საბჭოში დელეგაცია აღარ ჰყავს და ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ წერილიც გაუგზავნა ევროსაბჭოს პრეზიდენტს.
„პასეს საკითხზე აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული. ამ ფორუმზე ჩვენს ქვეყანას როცა მოსთხოვეს მილიონ ორასი ათასი ადამიანის ნების, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების იგნორირება, ლეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, ახალი არჩევნების დანიშვნა, ჩვენი ქვეყნის კონკრეტული წარმომადგენლებისგან იყო მკაფიო პასუხი, რომ ჩვენ აღარ ვაგრძელებთ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას. ჩვენ აღარ გვყავს შესაბამისი დელეგაცია პასეში და ამაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტს კონკრეტული წერილიც მიწერა პარლამენტის თავმჯდომარემ. ასე რომ, დღეს კიდევ რატომ სურთ საუბარი უკვე განვლილ თემაზე, ამაზეა პასუხი გასაცემი. პასუხი ძალიან მარტივია – ამ ერთ მუჭა ადამიანებს, რომლებსაც მოაკლდებათ საწვავი, რათა ფსევდოპროტესტით შეიარაღებულნი გავიდნენ ქუჩაში, იმ წუთშივე არის მცდელობა, პოლიტიკური საწვავი დაუმატონ. სწორედ ამას, მაშველ რგოლს ემსახურება ის რაღაც სცენების დადგმა და სპექტაკლები, რომლებიც უკვე განვლილ თემას შეეხება და აქტუალობა დღეს აღარ აქვს. ამ უსამართლო დამოკიდებულების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა შეწყვიტა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.