ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

დავით მათიკაშვილი – ევროკავშირი მოიაზრება მართლმსაჯულების სავანედ, ამიტომ საქართველოს მთავრობის სწორი ნაბიჯი იყო, დაეგმო ბრალდებული ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში

ევროკავშირი მოიაზრება მართლმსაჯულების განხორციელების სავანედ, ამიტომ საქართველოს მთავრობის ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო, დაეგმო ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ამგვარი შემთხვევები ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლურ, ევრონიჰილისტურ განწყობებს ქმნის.

„ცოტა ხნის წინ პარადოქსული მოცემულობის წინაშე დავდექით, როდესაც მრავალგზის მსჯავრდებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, სააკაშვილთან ერთად, სადისტური რეჟიმის შემოქმედი იყო, ვიხილეთ ბუნდესტაგში საპატიო სტუმრების ლოჟაში, ასევე ბრიუსელში სხვადასხვა ევროპელ თანამდებობის პირთან ერთად კაბინეტებში. ყველაზე პარადოქსული იყო, რომ შეხვედრები ეძღვნებოდა, მათ შორის, კანონის უზენაესობის საკითხს. საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ვალია, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ანტიდასავლური, ევრონიჰილისტური განწყობებისგან.

საზოგადოება როცა ხედავს, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომლის დანაშაულების კვალი დღესაც შეინიშნება ჩვენს საზოგადოებაში, ასე დაბრძანდება ევროკავშირში, უჩნდებათ უსამართლობის შეგრძნება, რაც ქმნის ანტიდასავლურ, ევრონიჰილისტურ განწყობებს, რომ ევროკავშირში პატივს არ სცემენ კანონს, სამართლის უზენაესობას ისე, როგორც ეს უნდა ხდებოდეს. ევროკავშირი მოიაზრება მართლმსაჯულების განხორციელების სავანედ, ამიტომ საქართველოს მთავრობის ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო, დაეგმო აღნიშნული ქმედება და პროკურატურამ მოითხოვა დამნაშავე პირების გადმოცემა გერმანიის, ბელგიის, უკრაინის მხრიდან. ეს მართლმსაჯულების განხორციელების წინგადადგმული ნაბიჯია.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ლორთქიფანიძე ზუსტად ის პირები არიან, რომელთა ხელისუფლების დროსაც რადიკალური ოპოზიცია ძალიან კარგად გრძნობდა თავს საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ ქართველი ერი იტანჯებოდა. ამიტომ, მათი სპეკულაციები, წინასაარჩევნო პროპაგანდა სრული აბსურდია. ეს შეხვედრები არ დაუორგანიზებია მმართველ გუნდს და არც კადრები გაუვრცელებია. ძალიან სამწუხარო, მძიმე კადრები იყო, როდესაც ვიხილეთ, როგორ ხვდებიან დამნაშავე ზურაბ ადეიშვილს ევროპელი კოლეგები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – მინდა, ირანი იყოს დიდი და წარმატებული ქვეყანა, თუმცა ისეთი, რომელსაც არ შეუძლია, ჰქონდეს ბირთვული იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ამაზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყება. „მინდა, რომ ირანი იყოს დიდი და წარმატებული ქვეყანა, თუმცა ისეთი, რომელსაც არ შეუძლია, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ცნობები იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები, ისრაელთან ერთად თანამშრომლობით, აპირებს, ირანი ნამსხვრევებად აქციოს, ძალიან გადაჭარბებულია. მე ბევრად მირჩევნია დამოწმებული ბირთვული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ირანს მისცემს მშვიდობიანად ზრდისა და განვითარების საშუალებას. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა და მოვაწყოთ ახლო აღმოსავლეთში დიდი ზეიმი, როდესაც ის ხელმოწერილი და დასრულებული იქნება. ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი!“, – წერს ტრამპი.

„ბლუმბერგი“ – აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს

აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის მოკავშირეები ელოდებიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რუსეთსა და უკრაინას შორის „ომის დასრულების გეგმას“ წარადგენს. გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დასრულების გეგმა, სავარაუდოდ უნდა წარადგინოს უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, რომელიც მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. წყაროებმა უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, რამდენად დეტალური იქნება გეგმის განხილვა და რა ფორმატში გაიმართება ის. წყაროების თქმით, სავარაუდო გეგმის ელემენტებს შორისაა: პოტენციურად კონფლიქტის გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განუსაზღვრელი სტატუსი, ასევე უკრაინისთვის დაუკონკრეტებელი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კელოგმა დაადასტურა, რომ გეგმავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას და „ამერიკის იმ მოკავშირეებთან შეხვედრას, რომლებიც მზად არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის“. მანამდე, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკვე აქვს „კარგი, საიმედო გეგმა“ უკრაინაში ომის დასასრულებლად.

მოსამართლემ გიგი უგულავას და კიდევ 7 დაკავებულს გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე დავით კურტანიძემ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 დაკავებული პირს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.. დაკავებულებს შორის იყო თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.  მოსამართლემ დაკავებულებს გირაო შეუფარდა. გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3 500-ლარიანი. დაკავებულები გირაოს გადახდის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორს დატოვებენ. შეგახსენებთ, შსს-მ 4 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. აღსანიშნავია, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 18 ივნისს მიღებული №407-ე დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ნუსხაშია შესული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთს სრულად მიეკუთვნება აღმაშენებლის ხეივანი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით, მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება , შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას. სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, დაკავებულია 8 პირი. საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება."

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველმა დაინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა,- ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული. სახალხო დამცველი მიმართვის მიზეზს განმარტავს. „დღეს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში. მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალგაზრდა, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები, 27 წლის სანდრო შემაზაშვილი, დღეს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, სანდრო შემაზაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. სანდრო შემაზაშვილი, სახლიდან პირველ თებერვალს, გვიან ღამით გავიდა. მას ოჯახი და სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით, ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები