ძებნაში მყოფი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი შპს ფორმულას მეწილე აღარ არის.

საჯარო რეესტრში დასრულდა 7 თებერვალს წამოწყებული სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც იმავე დღიდან 6 მარტამდე, შეჩერების აღმოსაფხვრელად დამატებით დოკუმენტების წარდგენამდე იყო შეჩერებული.

სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შეტანის მოთხოვნით შეტანილი განცხადების ავტორებმა გაითვალისწინეს საჯარო რეესტრი მოთხოვნები და მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე წარადგინეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის საჯარო ნოტარიუსმა დავით კეზერაშვილის ხელმოწერის დადასტურებისას კეზერაშვილის სახელზე გაცემული ვადაგასული პასპორტის და მოქმედების ვადის არმქონე მართვის მოწმობით (მათ საქართველოში 2018 წლის 1-ელი აპრილიდან აღარ აქვთ იურიდიული ძალა, თუმცა, როგორც ჩანს, მათი საშუალებით პიროვნების იდენტიფიცირება დასაშვებია) იხელმძღვანელა.

დავით კეზერაშვილმა შპს ფორმულაში თავის 26%-იანი წილი ნდობით აღჭურვილი პირის სოფიო ბრიტანჩუკის მეშვეობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაასხვისა მიხეილ მშვილდაძეზე.

წილების გადაფორმების და ახალი სადამფუძნებლო შეთანხმების რეგისტრაციაში გატარების შემდეგ შპს ფორმულაში ყველაზე დიდი წილის (38,25%) მფლობელი მიშა მშვილდაძე გახდა. ზურაბ გუმბარიძე 32,25%-იანი წილის მფლობელია, ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულა” კი 25%-იანი წილის. ეს უკანასკნელი 39 პირის დაფუძნებულია.