საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი დავით კაჭარავა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა.
სხვა საკითხებთან ერთად მან საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა:
„სპორტსმენები მაქსიმალისტები ვართ. ყველა თამაშში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართული რაგბი განვითარების იმ ეტაპზეა, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება, ეს ისტორიული შედეგი უნდა იყოს. პლეი ოფში იმ დონის გუნდები გადიან, თუ პლეი ოფის პირველ ეტაპსაც წარმატებით გაივლი, მაშინ ბოლომდე შეგიძლია გახვიდე.
თან ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თან რეალისტები – მომავალ მსოფლიოს თასზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება.
დავით კაჭარავამ ახალ პროექტ შავ ლომზეც ისაუბრა:
„შავი ლომი“ ქართული რაგბის გარდამტეხი პროექტია. მოგეხსენებათ, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყოველწლიურად დიდ გუნდებთან გვქონდეს ხშირი მატჩები. „შავ ლომში“ თამაშობენ საქართველოს ნაკრების მორეგბეები, რომლებსაც აქვთ მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა და ეს ეროვნული ნაკრების შედეგებზეც ისახება.
„შავი ლომი“ კიდევ სამი წლის განმავლობაში ითამაშებს ჩელენჯ თასზე. გარდა ამისა, ლაპარაკია URC-ზე რომელიც კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირია“, – დასძენს დავით კაჭარავა.