„ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ქართული დიასპორის გაძლიერებას. ჩვენ უკვე გვაქვს დიასპორული ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებთან, იმისთვის, რომ გაიხსნას ახალი კულტურული კერები, რომ გავხსნათ საკვირაო სკოლები, რათა ისინი მუდმივად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ისინი გარედან გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენი ელჩები არიან. მე მათ ჩვენს დიპლომატებად აღვიქვამ, რადგან ისინი ჩვენი ღირებულებებისა და ფასეულობების გამავრცელებლები არიან მთელს მსოფლიოში და ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მათი დახმარება. პირობას გაძლევთ, რომ ეს ჩვენი პროგრამის ძირითადი მიმართულება იქნება. პანდემიის დროს, ეს ურთიერთობა განსაკუთრებით გამოიკვეთა და ხელშესახები გახდა. ვერც ერთმა ქვეყანამ, სისტემურად საქართველოზე ძლიერმა ქვეყანამ ვერ მოახერხა ის, რაც საქართველომ გააკეთა. ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოში დავაბრუნეთ 24 ათასზე მეტი თანამოქალაქე, ასევე, ადგილზე დავეხმარეთ 23 ათასზე მეტ მოქალაქეს. ეს თანამშრომლობა მომავალსიც გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, იქნება პანდემია თუ სხვა, ახალი გამოწვევები“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.