ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია ვთქვა, მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი, მთავარია არის, გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ, – ამის შესახებ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრთან შეკრებილებს განუცხადა.
დოიაშვილის თქმით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, ვიდრე მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე არ გათავისუფლდებოდა.
„ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის კონკრეტულად, როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი და ხორცი – ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ამიტომაც, დღეს თეატრი არ დაბრუნდება, თუ მე ვარ ხელმძღვანელი, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, ვიდრე ანდროს არ გამოუშვებდნენ. ამიტომ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. გასაგებია, მისაღებია, ყველაფერი ჩემთვის ნათელია. არ ვიცი, ხვალ მე რა პერფორმანსი ან სპექტაკლი უნდა გავაკეთო, ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა“, – განაცხადა დავით დოიშვილმა.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.