საპენსიო სააგენტომ 2024 წლის დეკემბრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, გასული წლის ბოლოს, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 582 ათასი ადამიანი იყო.
მათივე ცნობით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 15 458-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 61.1 მლნ ლარი.
„საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.1 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.43 მლრდ ლარს გადააჭარბა.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.44 მილიარდ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 15.3% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 14.3% და 12.8% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 50.8%, დაბალანსებულში 29.9%, ხოლო კონსერვატიულში 16.2% იყო,“- აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.
რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა
საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:
1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.