საქართველოში არცერთი პარტია არ იკრძალება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის, რაც მოხდა, არის ჩანაწერის გაჩენა, ცვლილებების შეტანა კანონპროექტში, სადაც მკაფიოდ ჩამოიწერა კრიტერიუმები, რა შემთხვევაში შეიძლება, აიკრძალოს პარტია. პარტია თუ ისახავს მიზნად კონსტიტუციური წყობის დამხობას ან მისი წევრები, ეს გაცხადებულია და უამრავი სხვა. ეს არის ძალიან მკაფიო კრიტერიუმები, რაც იქ წერია და თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, საფუძველი ჩნდება, რომ ის პარტია აიკრძალოს. ყველაფერი, რაც იქ წერია, ეს არის საშინელება და არ მგონია, რომ შეიძლება, ადამიანი იყოს ქართველი, საქართველოში ჰქონდეს პარტია დაფუძნებული და მას ეს მიზნები ჰქონდეს გაცხადებული. ახლა შეიძლება, ვიდავოთ, ხომ არ გვყავს ასეთი პარტიები შემთხვევით, რომლებიც მსგავს რაღაცას აკეთებენ და შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რომ ამ ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ეს სურვილი იყო დასახელებული და ეს დღემდე გრძელდება – აჯანყდი, დაამხე, გადატეხე, შეცვალე, იქ რაღაც დაარბიე, მერე დაგაჯარიმებენ და ჯარიმას ჩვენ გადავიხდით. ანუ, ეს დესტრუქციული, შეიძლება ითქვას, ექსტრემისტული ქმედებები დღეს არის ნორმირებული“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
მისი თქმით, ეს „აჯანყების“ პროცესი, რაც 28 ნოემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება, პრაქტიკულად, ჩავარდა და გუშინ ოფიციალურად, ღიად, ყველას დასანახად, მათ შორის, იმ ხალხის დასანახად, ვინც იქ იყო მისული და არის მხარდამჭერი, გაფორმდა, მაგრამ ეს „აჯანყება, ისევე, როგორც
არცერთი აჯანყება კაცობრიობის ისტორიაში, უკვალოდ ვერ ჩაივლის.
„მე თუ მკითხვათ, ეს არის სწორედ ქართული დემოკრატიის გაძლიერებისადმი გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ყველანაირი გამოცდილება გავლილი გვაქვს, რომ შეიარაღებული ძალით ხელისუფლების დამხობა არ ღირს და როცა 90-იან წლებში საქართველო იყო გაყოფილი, დღეს თითქოს შედგა კონსენსუსი, რომ მაშინ მაინც ცუდი იყო თბილისის ომი, მაგრამ დღეს სწორედ იმავეს მოუწოდებენ, რომ არა, ესენი უნდა დავამხოთ. აქედან გამომდინარე, ამას ცხადია, მოჰყვება შედეგი. მთელი ეს ჩანაწერები, რაც მკაფიოდ არის ჩაწერილი, არის შემაკავებელი, რაკი შენ შენი წითელი ხაზი, მორალი არ გაქვს, არაფერი არ გაკავებს და მაინც ბოლომდე, სადაც შევძლებთ უნდა გადავტეხოთი უდგები, რა თქმა უნდა, ეს გაჩნდება. თავად ინიციატორებიც არ მალავენ, რომ ეს არის მკაცრი კანონები და ეს მკაცრი კანონები გახდა აუცილებელი, რათა პოლიტიკური პროცესი რაღაც ფარგლებში მოექცეს. შესაბამისად, ეს იმუშავებს აუცილებლად“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
როგორც ნიკოლაშვილმა ასევე აღნიშნა, არის ოპოზიციური სპექტრი, რომლის მოქმედებათა ალგორითმი, ქცევა და ყველაფერი გაუგებარია, საერთოდ რა ანალიზს ეფუძნება, რა პრაგმატიზმს და მიზნად რა აქვთ.
„ეს უკვე გადაიზარდა პოლიტიკურ სექტანტიზმში. აიღეს რაღაც ორი ლოზუნგი და ამას მისდევენ ბრმად. ვერ ხვდებიან, რომ არანაირი არჩევნები არ დაინიშნება. რამდენი ხანი უნდა იმეორო დაინიშნოს ახალი არჩევნები? არჩევნები არის შემოდგომაზე დანიშნული. გავიდა დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი და ასე გავა ახლა აპრილ-მაისიც და ყველა თვეც, მოვა ეს არჩევნები და უნდა ჩამოყალიბდე, იღებ თუ არა მონაწილეობას. ეს მთელი საპროტესტო მუხტი თუ გაქვს და ხალხის მდინარე თუ მოდის, აჩვენე ახლა იმ თვითმმართველობის არჩევნებზე, ის შედეგი იქ დააფიქსირე, რითაც მერე იტყვი, აი, ხედავ, რეალობა ეს არის და მოდი, ახლა ვადამდელი, მაგრამ არა, ჯიუტად იმეორებენ ასე. ნუ, უმეტესი ნაწილი დღემდე ლაპარაკობს, რომ პირდაპირ ბოიკოტი და ამ ყველაფერში, ოპოზიციურ სპექტრში არის სრული განხეთქილება. ლაპარაკი იმაზე კი არ არის, არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეთ, ცალ-ცალკე, თუ ოლქები გავიყოთ? არა, ნახევარი იძახის, მივიღებ მონაწილეობასო და ეს პრაქტიკულად, ღიად არის უკვე ნათქვამი. ელოდებიან რაღაცას, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რამდენიმე პარტია, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ელოდებიან რამდენიმე თვეს, რომ თქვან, არ გამოვიდა არაფერი და ამიტომ, წავიდეთ არჩევნებზე, ნახევარი კი იძახის, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას. რუსთაველზე ხალხი დგას, ნახევარი იძახის, გადავკეტოთო, მაინც, ყოველდღე უნდა გადაიკეტოს, მეორე ნახევარი კი იძახის, იცით რა, გვაჯარიმებენ და რა აზრი აქვს, 200 კაცით რატომ ვკეტავთ, თუ არ გადაიკეტება, ხალხი მეტი მოვა. იქ ყველაფერზე რადიკალურად არის აზრი გაყოფილი და ეს ყველაფერი გუშინ ძალიან ნათლად გამოჩნდა“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე არის ტიპური წარმომადგენელი იმ ოპოზიციური სპექტრის, რა შემოგვრჩა, დარჩა, თუ რაღაცნაირად, ფერი იცვალა.
„ზურაბიშვილი არის უკვე ღრმად წარსული პოლიტიკოსი, რომელიც რაღაც ინერციით მოქმედებს“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.