სიმართლე გითხრათ, ჩანაწერებიდან ჩემთვის სიახლე არაფერი ყოფილა, ლაპარაკია იმაზე, რასაც ხელისუფლება სულ ამბობს, მეთოდოლოგიაზე, რომლითაც დღეს საქართველოში ოპოზიციური მოძრაობაა დაკავებული, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ორგანიზებული ჯგუფები სხვადასხვა სახელწოდების ქვეშ, დაბრენდილი, რომლის რაღაც ნაწილი ყოველდღე უზრუნველყოფს, რომ უნდა გაჩნდეს სათაური – რუსთაველი დღეს ისევ გადაიკეტა. ჩვენ უკვე დავემსგავსეთ რაღაც აბსურდის თეატრს და შევდივართ ერთგვარი პოლიტიკური ოპერეტას ჟანრში. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ დღეს უკვე ერთი სცენა შეცვალა მეორე სცენით. ახალი ამ მხრივაც არაფერი არ იყო, რადგან ეს ძალიან ნაცნობი მეთოდიკაა, ნებისმიერი გარე მოკავშირის, უცხოური ძალის მოძებნა, რომელიც დაეხმარება. ოთხი მეილი აქვს მე მგონი უჩა ნანუაშვილს გაგზავნილი რაღაც დეტალური პროექტებით, აღწერილობებით, თუ დაფინანსების მოთხოვნით და ბუნებრივია, ეს არის ის მიდგომა, რომლითაც სამწუხაროდ, გამოირჩეოდა ეს ოპოზიციური სპექტრი. არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა. არჩევნებამდე თუ ეს მაინც რაღაც შენიღბული იყო, რაღაც მაღალფარდოვანი სახელი ერქვა, პროექტი, დაფინანსება, დემოკრატიის გაძლიერება, თემის მობილიზება და ამგვარი სახელწოდებები, დღეს საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ ეს არის სტრუქტურა, კოორდინირებული, ერთგვარი ენჯეო ველი, რომლის გამოკვება და ფინანსების უზრუნველყოფა არის ნომერ პირველი ამოცანა. ეს არის პირდაპირ პოლიტიკაში და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩადებული ფული, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვნახეთ, რომ მათი ძირითადი რბილი ძალით საგარეო ჩარევის უზრუნველმყოფი სააგენტო USAID-ი დაიხურა და დღეს ამ ფულმა საგრძნობლად დაიკლო. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ მსგავს კარიკატურულ პროცესს და ინიციატივებს, რომ თურმე, არჩევნები უნდა ჩატარდეს სექტემბერში, სატელეფონო იქნება და ალბათ, დავით კეზერაშვილის რომელიღაც ქოლცენტრს გამოიყენებენ“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, დღეს არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებამ ნახა ბევრი გამომჟღავნებული ფარული გეგმა, რაც არსებობდა, ნახა უცხოეთთან კოორდინაცია, რა ფორმისაა, ნახა ოპოზიციური ძალის რეალური რესურსი და რაც მთავარია, მათმა ამომრჩეველმაც დაინახა ის, თუ ვის მისცეს ხმა.
„მათ დაინახეს, ისინი, ვისაც ხმა მისცეს, კრიტიკულ ვითარებაში როგორ მოიქცნენ, რომელ მხარეს დადგნენ, რა მეთოდით სცადეს ხელისუფლების შეცვლა, ერთმანეთთან რა საერთო ენა გამონახეს, თუ ვერ გამონახეს და რა ინიციატივები შესთავაზეს ამომრჩეველს. ნაცვლად იმისა, რომ დარჩენილიყვნენ ჩვეულებრივ, კონსტიტუციით განსაზღვრულ პოლიტიკურ ველზე, აეღოთ თავიანთი 45%, ეჩვენებინათ კონკურენტუნარიანობა და ერთმანეთთან თანხმობა, ეს ყველაფერი უბრალოდ, ჩარეცხეს მტკვარში და ამის ნაცვლად მივიღეთ აი, ეს დესტრუქციული დღის წესრიგი, რაც დღეს გვაქვს, როცა საპარლამენტო საქმიანობის ნაცვლად მივიღეთ ეს რაღაც ვოდევილი რუსთაველზე. უკვე შეუძლებელია, ეს გაგრძელდეს, მით უმეტეს, ჩვენ ვხედავთ, საგარეო ასპარეზზე რა პროცესი ვითარდება“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ აქედან ექვს თვეში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ტესტი იქნება პოლიტიკური ძალებისთვის, ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ არ იღებს.
„საბოლოო ჯამში, ის, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა და აირჩია ამ პროცესის გარეთ დარჩენა, ასეთი რაღაც ადრე, ეროვნული მოძრაობისას ვნახეთ, მხოლოდ მაშინ სამოქალაქო ომით მოხდა ხელისუფლების შეცვლა, დღეს კი ამის რესურსი არ არსებობს და ეს გამოჩნდა. შესაბამისად, ყველა ეს ადამიანი უბრალოდ, აღმოჩნდება პოლიტიკურად განადგურებული. თვითლიკვიდაციის რეჟიმია ამ მხრივ ჩართული“, – განაცხადა გურამ ნიკოლაიშვილმა.