4 ოქტომბერს დამხობების იდეა საბოლოოდ დასამარდა, „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობაში“ მალე მიხვდებიან, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის.
„ილუზიები, რომელიც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იქმნებოდა, 4 ოქტომბერს, საღამოსვე გაქრა. ამბოხის მონაწილე და მეთაურები ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და დაასრულებდნენ, მართლაც ასე გააკეთეს – ამბოხის მცდელობა 4-ში დაიწყეს და 4-ში დასრულდა წარუმატებლად. საჯარო მოწოდებები ჰქონდათ, აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში ყავის დასალევად რომ არ ეპატიჟებოდნენ, ეს იქვე ჩანდა. პრეზიდენტის სასახლის შტურმს აპირებდნენ და რომ მივიდნენ, ამის მცდელობაც ჰქონდათ. ეს მტკიცებულებები გამოძიებაში დევს და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება. ეჭვი არავის ეპარება და ფაქტია, რომ დამხობისა და შტურმის მცდელობა იყო, დანაშაულები სახეზეა. 4 ოქტომბერს იდეა გადატყდა და დამხობების იდეა საბოლოოდ დასამარდა. „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან და მათ გადატვირთვა უნდათ. მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

