უკვე ცხადია, იმდენი მტკიცებულება დაგროვდა, ეჭვს აღარ იწვევს, რომ პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ისეთი იქნება, სადაც ეჭვის ნატამალი აღარ იარსებებს, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, თავისი ანასხლეტებით არ უნდა არსებობდეს.
„საგამოძიებო კომისია განაგრძობს მუშაობას. ჩვენ დღეს გვეყოლებიან ადამიანები, რომლებიც გამოიძახა საგამოძიებო კომისიამ. ამ შემთხვევაში, იგივე რეზოლუციასთან დაკავშირებით. მათ შორის, ასევე იქნება ჩართვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. იცით, რომ კომისიას განსაზღვრული აქვს საკითხები წამებასთან, მკვლელობებთან, მათ შორის ომის თემასთან დაკავშირებით. უკვე ცხადია, რომ იმდენი მტკიცებულება დაგროვდა, მათ შორის მათი მხრიდან აღიარებული, გარდა იმისა, რომ ისედაც არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები, რომ ეჭვს აღარ იწვევს, რომ პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას.
ამავდროულად, საზოგადოებამ ისიც ნახა, რომ არათუ რაიმე ტიპის სინანული აქვს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მაშინდელ პროცესებზე, რამაც, სამწუხაროდ, ასეთ შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა, არამედ მეტიც, მეტად რადიკალები ხდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის ის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც აირჩია საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, როგორმე უკანონოდ, მათი პატრონების დახმარებით ჩამოაგდონ, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ.
ამ კომისიის მიზანი აუცილებლად შესრულდება და დასკვნა იქნება ისეთი, სადაც ეჭვის ნატამალი აღარ იარსებებს, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, თავისი ანასხლეტებით არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.