ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი 17-21 მარტის დღეებში აჩვენა და ამიტომ არიან გამწარებულები, აღშფოთებულები, გონებაარეულები უცხოეთიდან დაწყებული აქაური უცხოური აგენტებით დამთავრებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა პატრიარქის მოსაყდრეს, ეკლესიას ებრძვიან და ცდილობენ, რომ განხეთქილება შეიტანონ.
„როდის აქეთაა, რომ გვარამია და „ნაცმოძრაობა“ ეკლესიაზე ინტერესდებიან? როცა აქციაზე საუბრობს ადამიანი, რომ პატრიარქი ბნელი ძალების წარმომადგენელია და სასულიერო პირები ძველი ძალების წვეროსანი წარმომადგენლები, როგორ შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს აინტერესებს, რა ხდება საპატრიარქოში და როგორ აირჩევენ წმინდა სინოდის წევრები პატრიარქს? – მათ ის აინტერესებთ, როგორმე, საპატრიარქოს და ეკლესიას ჩირქი მოსცხონ. ეს არ გამოსდით, მაგრამ ეს მათი ინტერესის სფეროა. სახელმწიფოსა და ეკლესიის ფუნქციები გამიჯნულია, მაგრამ ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეკლესიის მრევლის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.
რაც შეეხება კანდიდატებს, ბუნებრივია, სინოდის წევრებს აქვთ უფლება, რომ თვითონ განაცხადონ ან არ განაცხადონ კანდიდატებზე, ვის დაასახელებენ და ვის არ დაასახელებენ. ეს მართვა-გამგეობის დებულებაშიც კია მითითებული, რომ უფლება აქვს სინოდის წევრს, რომ თავისი კანდიდატურა დაასახელოს“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

