ჩვენ როგორც დავპირდით საზოგადოებას, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის შეფასება უნდა მომხდარიყო აუცილებლად საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მიერ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„იმიტომ, რომ საქართველოში ის პოლიტიკური პარტია, რომლის დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში ეჭვი არათუ მხოლოდ ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ საერთაშორისო მართლმსაჯულებასაც არ ეპარება, რადგან გადაწყვეტილებები არსებობს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებაში იყო შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა, არა ერთ საქმეზე და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს; უნდა დასრულდეს ამ პოლიტიკური ძალის გაუქმებით და შესაბამისად, თუ არა საგამოძიებო კომისია, ბუნებრივია, სხვა შემთხვევაში შესაბამისი უწყება ვერ იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ეს პოლიტიკური ძალა ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ და საზოგადოება ყოველდღიურად რწმუნდება, რომ მტკიცებულებები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე საკმარისია შესაბამისი უწყებისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გადაცემის წამყვანს შეკითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში აგვისტოს ომის თემის გამოძიების საკითხი, რადგან როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, ჰააგის სასამართლოში მოგებულია ეს საქმე საქართველოს გამარჯვებით, მოგებულია სტრასბურგის სასამართლოშიც და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში რუსული ინტერესების გატარებას ცდილობს, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას მეთოდები დაუძველდა.
„ეს მეთოდები აღარ ჭრის უკვე. ჩვენ არ ვიძიებთ ამ შემთხვევაში იმას, რაც გამოიძია და დაადგინა ჰააგის სასამართლომ. გასაგებია, რომ შეიძლება, იურისტი არ იყო და ვერ ერკვეოდე, მაგრამ ელემენტარულად, ის მაინც უნდა იცოდე, რომ ჰააგის სასამართლოში იძიებენ ომის დანაშაულს და სტრასბურგის სასამართლოში იძიებენ, რამდენად ადამიანის უფლებები იყო დარღვეული ამ ომის დროს. სხვათა შორის, ეს ორივე საერთაშორისო სასამართლო ჩვენ მოვიგეთ სწორედ მათ მიერ დაკარგული მტკიცებულებების მოპოვების საფუძველზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია მოიძიებს მტკიცებულებებს, აქ საუბარია იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ხელმძღვანელ პირებზე, რომელთა მიმართაც ზოგადად არსებობდა პრეტენზიები საზოგადოებაში, ომის დაწყების დროიდან და დღეს საზოგადოებამ ნახა, რომ მათ შორის, ბევრმა მაშინდელმა თანამდებობის პირმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც ეს გამოიძია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, აღიარეს, რომ საზოგადოება იქ მიატოვეს და როდესაც ჯარები ტოვებდა იქაურობას, ადგილზე ხალხს არავინ არაფერი უთხრა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი გამოძიების მიმართ და აცხადებენ, სად იყო ხელისუფლება 12 წლის განმავლობაში და მაგალითად, დღეს ანა დოლიძემ განაცხადა, რომ 2013 წელს მან მოითხოვა სიმართლისა და შერიგების კომისიის შექმნა, რომლის შექმნაც „ქართული ოცნების“ უარის გამო ვერ მოხერხდა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ როგორც „ხალხის ძალა“ არა ერთხელ ამბობდა, ეს პროცესები ცოტა უნდა დაჩქარებულიყო, რომ მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების პროცესი დაწყებულიყო, თუმცა ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისას იცოდნენ ისიც, რომ მიდიოდა საერთაშორისო პროცესები ჰააგაში, სტრასბურგში და ბუნებრივია, ეს ხელს უშლიდა ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისიის შექმნას.
„ჩვენ ვუფრთხილდებოდით იმას, რომ როდესაც შენ საკუთარ ქვეყანაში საგამოძიებო კომისია გაქვს შექმნილი იმდროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის შესაფასებლად და მის წინააღმდეგ, საერთაშორისო სასამართლოში ამას შეიძლებოდა, პრობლემები შეექმნა. ბუნებრივია, ჩვენ, მათგან განსხვავებით, სახელმწიფო ინტერესები დავაყენეთ პირველ ადგილზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტთა განცხადებებს, თუ რა უშლიდა ხელს მაგალითად, ბიზნესების ჩამორთმევის საქმეების გამოძიებას და მაშინ შეიძლება, დადგეს იმ მოსამართლეების მოსმენის საკითხიც, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ სხვებისგან განსხვავებით, ანა დოლიძე იურისტია და მან იცის საგამოძიებო კომისიის ფუნქციები.
„ჩვენ არც პროკურატურა ვართ, არც სასამართლო და არც გამომძიებლები არ ვართ. ჩვენი ფუნქციები არის ის, რომ პარლამენტმა დადგენილება მიიღო და დაგვავალა, შევისწავლოთ, შევაფასოთ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის მოქმედება. ჩვენ გვევალება ის, რომ ფაქტები მოწმეთა გამოკითხვებით, ან დოკუმენტების გამოთხოვით შევაგროვოთ კომისიაზე და მერე დასკვნა დავუდოთ საქართველოს პარლამენტს. ჩვენ ვმუშაობთ. ყოველდღე არის ნიუსი იმასთან დაკავშირებით, მეორე დღეს ვის გამოვკითხვათ. ეს გამომდინარეობს საქმეების რაოდენობიდან. თქვენი იცით, რომ ძალიან ბევრი საქმეა, მაგრამ ავირჩიეთ რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელთან დაკავშირებითაც მტკიცებულებებს ვაგროვებთ. ასე რომ, აქ საუბარი არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ მაგალითზე ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ საქმეს აღვძრავთ. თუ ასეთი რამ შევამჩნიეთ, უფლებამოსილება გვაქვს იმის, რომ პროკურატურაში გადავაგზავნოთ შემდგომი რეაგირებისთვის, მაგრამ ჩვენი ფუნქცია არის ის, რომ მტკიცებულებები შევაგროვოთ რეჟიმის შესაფასებლად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.