სლოვაკეთის ნიკე ლიგის საჩემპიონო ჯგუფში ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედა“ ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინას“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ 36-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, 1:0 მოიგო. კაპანაძე მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, ხოლო ნარიმანიძე წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებული იყო.
სეზონი გურამ კაშიამ ჩემპიონის რანგში დაასრულა, მაგრამ ბოლო ტური მისთვის უსიამოვნო გამოდგა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავის გუნდმა საჩემპიონო ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრაში „კოშიცე“ 1:0 დაამარცხა, მაგრამ 25-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა – მოედნიდან სწორედ ქართველი მცველი გააძევეს, რომელიც ბოლო იმედის ჯარიმით დასაჯეს.
„ბანსკა ბისტრიცა“ შინ 2:3 დამარცხდა თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცესთან“, რომელმაც გასავარდნთა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე ითამაშებს, ნარიმანიძის „ჟილინა“ – კონფერენსლიგაზე, ხოლო კაპანაძის „დუნაისკა სტრედა“ ევროსაგზურის გარეშე დარჩა.