საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი პაოკ-ში გადავა – ტრანსფერი ოფიციალურად ქართველის ამჟამინდელმა კლუბმა, „პანსერაიკოსმა“ დაადასტურა.
„სალონიკის გუნდმა დაასრულა 25 წლის მეკარის ტრანსფერზე მუშაობა, რომელიც ახალი სეზონიდან 2028 წლის ზაფხულამდე პაოკ-ში ითამაშებს. ქართველი მეკარე „პანსერაიკოსში“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და ეს ყველაფერი კარგი ტრანსფერით დაასრულა“, – წერია sport-fm.gr-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც კლუბის პოზიციაა დაფიქსირებული.
„ლუკა გუგეშვილი ახალი სეზონიდან პაოკ-ში ითამაშებს. გარიგება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გააქტიურდება, მანამდე კი ქართველი მეკარე „პანსერაიკოსის“ კარის დაცვას ისეთივე წარმატებით გააგრძელებს, როგორც აქამდე აკეთებდა. ლუკა გუგეშაშვილი ჩვენს გუნდში 2024 წლის ზაფხულში „ყარაბაღიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. ის საქართველოს ნაკრების წევრია, რომელმაც გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე პლეი ოფში ითამაშა“, – წერია „პანსერაიკოსის“ განცხადებაში.
ლუკამ საბერძნეთის სუპერლიგაში „პანსერაიკოსის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, კარი „მშრალად“ ოთხჯერ შეინარჩუნა.