“კარიკატურაა ეს ყველაფერი – ხელისუფლებაც კარიკატურაა და ოპოზიციაც. დააკვირდით, ხალხი აღარ რეაგირებს უკვე, აღარც ხელისუფლების და აღარც ოპოზიციის განცხადებებზე. გამოდიან „მეოცნებეები“ და ამბობენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რევანშიო. აბა, პოლიტიკა რა არის? – ხან შენ უნდა მოიგო, ხან მე უნდა მოგიგო. თურმე როგორ უნდათ რევანში.”
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ოპოზიცია თავს იმართლებს, რომ რევოლუციას არ აპირებენ, მაგრამ ისედაც „არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს“ და ოპოზიციას ამ პირობებში ვადამდელი არჩევნების მოგებაც არ შეუძლია.
„რას იმართლებენ თავს, რისი რევოლუციის თავი აქვს ამ ოპოზიციას? რევოლუციები ასე არ კეთდება. ყველას ვიცნობ, ბევრი ჩემი მეგობარია, პატივს ვცემ, მაგრამ არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს. კარიკატურაა ეს ყველაფერი – ხელისუფლებაც კარიკატურაა და ოპოზიციაც. დააკვირდით, ხალხი აღარ რეაგირებს უკვე, აღარც ხელისუფლების და აღარც ოპოზიციის განცხადებებზე. გამოდიან „მეოცნებეები“ და ამბობენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რევანშიო. აბა, პოლიტიკა რა არის? – ხან შენ უნდა მოიგო, ხან მე უნდა მოგიგო. თურმე როგორ უნდათ რევანში.
ამ პირობებში ვადამდელი არჩევნების მოგების ძალა ოპოზიციას არ აქვს, განულებულია ოპოზიცია. ხომ მძიმე დღეშია „ქართული ოცნება“, უარეს დღეშია ქართული ოპოზიცია, არაადეკვატური ქმედებებით. ოპოზიცია ვერ აფასებს სწორად ვითარებას და არ აქვს სწორად აღებული პრიორიტეტები. იბრძვის წვრილმანებისთვის და მთავარი სტრატეგიული საკითხები ისე ჩაიშხუილებს ხოლმე, ვერც დაინახავენ.
ხალხი დიდი ხანია მზად არის ცვლილებებისთვის, ეს რამდენიმეჯერ დადასტურდა. 20 ივნისს, მერე ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებზე, აგერ, უკრაინის მხარდამჭერი აქციებიც. ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ საზოგადოებას, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ქართული ოპოზიცია არის სხვაგან და საქართველო და ქართველი ხალხი არის სხვაგან. ეს არის პრობლემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი პრობლემა არ არის ეს, ძალიან მალე ქართველი ხალხი განაჩენს გამოუტანს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ამ სახით, როგორიც არის დღეს. პერსონებს არ ვაკრიტიკებ, ამ სტრუქტურას, ამ სქემას, რა სქემითაც ოპოზიცია მოქმედებს, ეს არის განწირული. განულებული ვითარებაა. ეს არის გამოგონილი ვითომ ერთობა, რამდენჯერ გამოაცხადა ოპოზიციამ უპრეცედენტო ერთობა? პრინციპში მართალია, ასეთი ერთობები მე არსად მინახავს. არჩევნების წინ შეიკრიბებიან, დათქვამენ რაღაცას, დაიფიცებენ ხატზე ერის წინაშე, რომ ა სე ვიზამთ, ისე ვიზამთ, ერთად ვიქნებით და ერთ თვეში იშლებიან მერე. ოპოზიციური ინგრედიენტები არსებობს, მაგრამ თვითონ ოპოზიციური კერძი არ კეთდება სწორად. პოლიტიკური მაგიდა არ არის საინტერესო ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.