„ლელო“ 9 რეკომენდაციებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ქვეყანას სჭირდება მოქმედება და არა სჯა-ბაასი პაპუაშვილის კანტორად გადაქცეულ კომისიაში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, პარტია „ლელო“ „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი და „საკუთარ წონასა და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს“.
„ჩვენ საზოგადოების მოტყუების უფლება არ გვაქვს. არაფერი იქ არ ხდება. არ გვაქვს შოუს დრო. თავიდანვე უარი იმიტომ ვთქვით, რომ ზრდასრული ხალხი ვართ. არანაირი პროცესი სახეზე არ არის. რამდენიმე თვე გვაქვს არჩევნებამდე, ახლა არავითარი ტყუილი მოძრაობების დრო არ არის, დროის ფლანგვის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს ევროპულ კავშირთან რეალურად დაახლოებისთვის, ჩვენ გვჭირდება მოქმედება და არა სჯა-ბაასი და მასლაათი პაპუაშვილის კანტორად გადაქცეულ რაღაცა კომისიაში. თუ აქედან რაიმე კარგი გამოვა რეფორმის კუთხით, ეს ვერ გამოვა კომიტეტის გარეშე, პლენარული სხდომის გარეშე და „ლელო“ იქ არის,„ ლელო“ ბოიკოტში არ არის. ვნახოთ იმ სამუშაო ჯგუფიდან კარგი თუ რამე გამოვა, აგერ თქვენ და აგერ მე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლელო „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი, რადგან ის საკუთარ წონას და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს. მისივე თქმით, „ლელოს“ დიდი გული აქვს, და ჰქონიათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მათ უნდა განსაზღვრონ.