ცხინვალსა და გორს შორის საავტობუსო რეგულარული მიმოსვლა იყო. ერთ დღეს, მერაბიშვილის ბრძანებით, გააჩერეს ავტობუსი, ჩაიყვანეს გორის პოლიციაში და 40 ოსს სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი ეროვნების იყვნენ, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიდიოდა ესკალაცია, იმ ვითარების დაძაბვა, რაც, ობიექტურად, არანაირად არაფრით გამართლებული არ იყო, არანაირი საჭიროება არ იყო.
„ცხინვალსა და გორს შორის საავტობუსო რეგულარული მიმოსვლა იყო. ერთ დღეს, მერაბიშვილის ბრძანებით, გააჩერეს ავტობუსი, ჩაიყვანეს გორის პოლიციაში და 40 ოსს სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი ეროვნების იყვნენ. ამ დროს მე ვარ სახელმწიფო მინისტრი, პირველი, რაც გავაკეთე, სოზარ სუბარს დავურეკე, სახალხო დამცველი იყო იმ დროს. ვუთხარი, სოზარ, კატასტროფაა, იქ უნდა ჩავიდეთ-მეთქი. სოზარი იმ წუთში დამეთანხმა და ჩავედით, დავიარეთ ყველა ოჯახი. ერთ-ერთ ოჯახში რომ შევედით, გოგო გამოვიდა და ქართულად გვკითხა: „მამაჩემი რატომ სცემეს, ოსი რომ არის, იმიტომო?“ ამ დროს იმ უბანში, სადაც ვიყავით, შეიარაღებული პირები სახლების წინ ისხდნენ და ხედავდნენ, იცოდნენ, სოზარი ვინ არის, მე ვინ ვარ. არანაირი აგრესია. ისე შევედით, რომ ჩოჩიევი არ გვახლდა. ბუნებრივია, ამან რაღაცა როლი ითამაშა, აი, რატომ სცემეს ხალხს? ამაზე კულისებში რა საუბრები იყო, ცალკე თემაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიზანმიმართულად სააკაშვილისგან, მერაბიშვილისგან, ადეიშვილისგან, ოქრუაშვილისგან ისეთი ფაქტების განხორციელება ხდებოდა, რომელიც ვნებდა ქართულ მხარეს და არა რუსულ ან ოსურ მხარეს. სადაც კი ჩავდიოდით, ყველგან ჩვენი საერთაშრისო მეგობრები, მხარდამჭერები ევროპიდან, ამერიკიდან გვეუბნებოდნენ, ამას რატომ აკეთებთო, არ შეიძლება, ეს შეწყდესო? ან რა მოაქვს ამას? მიდიოდა ესკალაცია, იმ ვითარების დაძაბვა, რაც, ობიექტურად, არანაირად არაფრით გამართლებული არ იყო, არანაირი საჭიროება არ იყო. ეს იმ ფონზე ხდებოდა, როდესაც, პარალელურად, ძალიან სერიოზული სამშვიდობო ურთიერთობა, პოლიტიკა, შეხვედრები მიმდინარეობდა საერთაშორისო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.