ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. საუბრის დრო აღარ არის – მოქმედების დროა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას
„უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიები – ნატო-ს წევრობა მაგიდაზე უნდა დარჩეს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე და სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ აგრესია არ შეჩერდება“, – აღნიშნა ნაუსედამ.
მისივე თქმით, საჭიროა სასწრაფო დაფინანსება იარაღისთვის და 10 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის, ასევე რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევა და ტარიფების დაწესება რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ საქონელზე.
„უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება – მიზნობრივი თარიღი 2030 წლისთვის. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია. ვიმოქმედოთ ერთად“, – აღნიშნა ნაუსედამ.