ჩემი შვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება არის იუდას გადაწყვეტილება. გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და მოსამართლე იზა კელენჯერიძე არიან მონაწილეები ჩემი შვილის მკვლელობის მცდელობის. ეს უმძიმესი ავადმყოფი ადამიანი, ეტლს მიჯაჭვული მოიყვანეს აქ, რათა მისთვის ეთქვათ, რომ ცხრა წლით ციხეში გაუშვეს, – ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებულის, გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მისი შვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.
ეკა წერეთლის შეფასებით, მისი შვილის მსგავსად, სრულიად უდანაშაულოა ირაკლი პაპიაშვილიც, რომელსაც სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა.
„სასამართლოს დარბაზში ბორკილები დაადეს სრულიად უდანაშაულო ადამიანს, მის თანამშრომელს, ირაკლი პაპიაშვილს. სტუდენტი, კეთილშობილი, აბსოლუტურად პატიოსანი და უდანაშაულო ადამიანი 8 წლით გაუშვეს ციხეში. არავინ არასდროს დამიწყევლია – განაცხადა ეკა წერეთელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულები – გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და შესაბამისად, 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის” ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.