ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა

პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყოსაქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს.

ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ.

დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომაქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.

პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით.

გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ.

გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება – დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.

ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი – ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს”, -აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირსა და ,,მერკოსურის” ქვეყნებს შორის გაფორმებული ისტორიული სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება შეჩერდა

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირსა და ,,მერკოსურის” ქვეყნებს შორის გაფორმებული ისტორიული სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოს გადაეგზავნება. შესაბამის წინადადებას ევროდეპუტატებმა დღეს გამართულ კენჭისყრაზე დაუჭირეს მხარი. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ევროკავშირის სასამართლოს სთხოვს, გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა შეთანხმების ცალკეული ნაწილები ევროკავშირის ხელშეკრულებებს. მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს  შეთანხმებაში ჩადებული მექანიზმი, რომელიც ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაისა და ურუგვაის მისცემს შესაძლებლობას, გაასაჩივრონ ევროკავშირის კანონმდებლობა, თუ ის საფრთხეს შეუქმნის შეთანხმებით მინიჭებულ ბაზარზე წვდომას. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს შეიძლება, მომავალში მდგრადობისა და გარემოს დაცვის წესებსაც შეეხოს. სასამართლოს შესაძლოა, ერთ წელზე მეტი დასჭირდეს დასკვნის გამოსატანად და შესაძლოა, შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას გახდეს საჭირო. ამ დროის განმავლობაში რატიფიკაციის პროცესი შეჩერდება. მიუხედავად ამისა ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ევროკომისიამ შესაძლოა მაინც სცადოს შეთანხმების დროებითი ამოქმედება. ევროპარლამენტში კენჭისყრა გაიმართა სტრასბურგში ფერმერების მწვავე პროტესტის ფონზე.

მარკ რუტე – ნატო გადამწყვეტია არა მხოლოდ ევროპის, არამედ აშშ-ის უსაფრთხოებისთვის, აშშ უსაფრთხოდ რომ იყოს, საჭიროა უსაფრთხო არქტიკა, უსაფრთხო ატლანტიკა და უსაფრთხო ევროპა

ნატო გადამწყვეტია არა მხოლოდ ევროპის, არამედ აშშ-ის თავდაცვისთვისაც. აშშ რომ იყოს უსაფრთხოდ, საჭიროა უსაფრთხო არქტიკა, უსაფრთხო ატლანტიკა და უსაფრთხო ევროპა. ყველა პოლიტიკოსმა და სამხედრომ ეს იცის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.რუტემ ასევე ისაუბრა გრენალდნიის გარშემო აშშ-სა და ნატო-ელ მოკავშირეებს შორის არსებულ დავაზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დახურულ კარს მიღმა მუშაობს.კითხვაზე ახსენდება თუ არა მას შემთხვევა, როდესაც ნატო-ს ერთი მოკავშირე მეორეს ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება, მარკ რუტემ საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა დაასახელა.„იყო სხვა მომენტებიც, როდესაც ალიანსის შიგნით იყო დაძაბულობა და ჩემი წინამორბედები არასდროს აკეთებდნენ ამაზე საჯარო განცხადებებს. ეს შეუძლებელია, რადგანაც როგორც კი ამას გავაკეთებ, უკვე ვეღარ შევძლებ სხვა ლიდერებთან ერთად დაძაბულობის ხარისხის შემცირებას. სწორედ ამის გამო ვერ მოისმენთ ამ საკითხზე ჩემს კომენტარს. თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ მე ამ საკითხზე დახურულ კარს მიღმა ვმუშაობ. ამას საჯაროდ ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა რუტემ.მისივე თქმით, ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია გრენლანდიის გარშემო დავის მოგვარება, არის გონივრული  დიპლომატია. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, არქტიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ისე ევროპელი მოკავშირეები მართლები არიან.„ჩვენ უნდა დავიცვათ არქტიკა. ვიცით, რომ საზღვაო გზები იხსნება, ვიცით, რომ რუსეთი და ჩინეთი ძალიან გააქტიურებულები არიან არქტიკაში. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ არქტიკის დასაცავად რუსეთის და ჩინეთის ზეგავლენისგან“, – განაცხადა რუტემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.„თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მიგრაციის შეზღუდვა, მადუროსა და მისი მეუღლის დაკავება, არასამთავრობოთა ინდუსტრიული კომპლექსის დაშლა – სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის პრეზიდენტობის ერთ წელს აჯამებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ერთი წლის აღსანიშნავად 12 თვეში შესრულებული სამუშაო შეაჯამა.სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ შეჯამებაში ტრამპის პრეზიდენტობის პირველი წლის მთავარ მიღწევებად დასახელებულია: დანაშაულებებში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება, ვენესუელის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დაკავების ოპერაცია, აშშ-ში მიგრაციის შეზღუდვა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიული კომპლექსის დაშლა.„უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 100 ათასზე მეტი ვიზა გაუუქმდათ – უმეტესად იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ისეთი დანაშაულები, როგორებიცაა თავდასხმა, ქურდობა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ან მხარს უჭერდნენ ძალადობას ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ.სახელმწიფო დეპარტამენტმა „კარტელ დე ლოს სოლესი“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, წარმატებით განხორციელდა ბრალდებული ნარკოტერორისტების, ნიკოლას მადუროსა და სილია ფლორესის დაკავების ოპერაცია, როგორც ამერიკული მართლმსაჯულებისგან გაქცეული დამნაშავეების.მთელი მთავრობის ჩართულობით განხორციელებული ძალისხმევის შედეგად, რომელიც მიზნად ისახავს მასობრივი მიგრაციის შეჩერებას, სამხრეთ საზღვარზე დაფიქსირებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევები იანვრიდან 99%-ით შემცირდა.სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელი მოაწერა შვიდ „უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ შეთანხმებას დეპორტაციების დაჩქარებისა და გამარტივებისთვის.საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებულია მსოფლიოს 75 ქვეყანაში, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი ამკაცრებს შემოწმების პროცედურებს, რათა ახალი მიგრანტები არ იქცნენ ამერიკის საზოგადოებისთვის ფინანსურ ტვირთად.სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მოქმედმა სპეციალიზებულმა დანაყოფებმა დააკავეს უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მთავარი ფიგურები, მათ შორის სინალოას კარტელის ლიდერი ეფრაინ სანჩეს კაბანიასი, MS-13-ის ლიდერი ალვარო ოსირის აკოსტა ბუსტილიო და „ტრენ დე არაგუას“ ადგილობრივი ლიდერი „ჩინო სან ვისენტე“.სახელმწიფო დეპარტამენტმა „ანტიფას“ ოთხი რადიკალური ჯგუფი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, რათა ამ ჯგუფებს ჩამოერთვათ ძალადობის, ტერორისა და დაშინების განხორციელებისთვის საჭირო რესურსი.სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელი შეუწყო პრეზიდენტის მშვიდობის გეგმის განხორციელებას ღაზაში – დასრულდა ომი, დაბრუნდნენ მძევლები და გაიზარდა ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა.სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიბანის, ეგვიპტისა და იორდანიის „მუსლიმთა ძმობის“ დანაყოფები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა „ჰამასის“ მატერიალური მხარდაჭერისა და ტერორისტული აქტების გამო“, – ნათქვამია ჩანაწერში.აქვე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზაცია განხორციელდა 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გასამკლავებლად – გაძლიერდა საელჩოები და რეგიონული ბიუროები, გამარტივდა კატასტროფებზე რეაგირება, შიდა ოფისების თითქმის 45% გაუქმდა და დეპარტამენტი ამერიკის ინტერესებზე გადაეწყო.ჩანაწერში ასევე ნათქვამია, რომ, პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო აშშ-ის გაყვანა ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომლებიც „ავრცელებენ მავნე იდეოლოგიებს, ფლანგავენ სახსრებს და მოქმედებენ ამერიკელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“.„აშშ-მა წარმატებით წაახალისა ტვირთის გაზიარება ევროპელ მოკავშირეებთან და ნატო-ს წევრებისგან მიიღო ვალდებულება, რომ 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5% დახარჯავენ. ეს გადაწყვეტილება ყოველწლიურად დამატებით ტრილიონ დოლარს მოიტანს შეკავებისა და თავდაცვისთვის.სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოური დახმარება ამერიკის ინტერესებს დაუქვემდებარა – დაშალა კორუმპირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიული კომპლექსი და პარტნიორი ქვეყნები თვითკმარობისკენ მიმართა ახალი ორმხრივი ჯანდაცვის შეთანხმებებით.სახელმწიფო დეპარტამენტმა შეამცირა 1.8 მილიარდი დოლარის არასაჭირო კონტრაქტები და წინა ფისკალურ წელთან შედარებით 100 მილიონი დოლარი დაზოგა სამსახურებრივ მგზავრობებზე.დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურმა მხარი დაუჭირა ვაშინგტონის „უსაფრთხო და ლამაზი ქალაქის“ სამუშაო ჯგუფსა და მემფისის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფს. განხორციელდა ათასზე მეტი დაკავება, ამოღებულ იქნა ასობით არალეგალური იარაღი და მფლობელებს დაუბრუნდათ ოცზე მეტი მოპარული ავტომობილი.სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით სამართალდამცავმა ორგანოებმა მექსიკაში ამოიღეს თითქმის 350 ტონა მეტამფეტამინი, პერუში გაანადგურეს 80 000 ჰექტარზე მეტი არალეგალური კოკას პლანტაცია და სალვადორში ამოიღეს 1 516 ფუნტი კოკაინი.პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებასა და განხორციელებაში, რომელმაც დაასრულა 30-წლიანი ომი – შეთანხმებას ხელი თეთრ სახლში მოეწერა.სახელმწიფო დეპარტამენტმა მშვიდობის ინსტიტუტს სახელი შეუცვალა და უწოდა „დონალდ ჯ. ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტი“, რაც ასახავს პრეზიდენტის უპრეცედენტო მიღწევებს მსოფლიო მშვიდობის საქმეში.ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამერიკელი ხალხისთვის გამარჯვებების მოტანას და ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს ამერიკას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეჯამებაში.

„შენ ხარ ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს…“ – ილია თოფურია იუბილარია

UFC-ის ორი წონის ჩემპიონი ილია თოფურია იუბილარია. ილია 29 წლის გახდა. ილიას დედა, ინგა თოფურია სოციალურ ქსელში მისალოც პოსტს აქვეყნებს.„დაბადების დღეს გილოცავ, ილია, დე. დღეს შენს ცხოვრებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი ემატება – 29 წელი სიძლიერის, შრომის და ზრდის.შენ ხარ კარგი შვილი, მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი – ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს.შენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა გვასწავლის, რომ ღირსეულ გზას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არასდროს უშინდები სირთულეებს და ყოველთვის წინ მიდიხარ – ჩუმად, მაგრამ მტკიცედ.გისურვებ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ძალას, რომ ყველა მიზანს კეთილი გულით და სუფთა სინდისით მიაღწიო. დაე, შენი გზა იყოს ნათელი, გული – სავსე სიყვარულით და ცხოვრება – შინაარსით. იამაყე იმით, ვინც ხარ, რადგან ნამდვილი ფასეულობა ადამიანობაშია.გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საამაყო შვილო. ღმერთმა მუდამ დაგლოცოს და დაგიფაროს “, – წერს ინგა თოფურია.

ბოლო სიახლეები