სამშაბათი, მარტი 10, 2026

გიორგი შარაშიძე – ქართული პოლიტიკის ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში და ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტიდან განსაკუთრებული მოლოდინი არ არის, მაგრამ ეუთო-ს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი დონის დელეგაციასთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ მათი პარტიის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ.

შარაშიძის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მიზანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი დონის დელეგაციაა. მათ განსაკუთრებულად აინტერესებდათ ჩვენი პარტიის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ყველაფერი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია. ქართული პოლიტიკის ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში და ამ მხრივ განსაკუთრებული მოლოდინი არ არის ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტიდან, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეუთო-ს, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, თავისი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. მათი ოფიციალური მიზანი, რაც ჩვენც დაგვიდასტურეს, არის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება. ისიც გასაგებია, რომ ეუთო ამ ფორმატში ვერ მიიღებს რომელიმე მხარის მიმართ გამორჩეულ გადაწყვეტილებას, მაგრამ, როგორც მათ გვითხრეს, ამზადებენ სერიოზულ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება, რაც, იმედი მაქვს, ხელს შეუწყობს პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესებას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ყველა იმ ანტიდემოკრატიულ კანონზე, რასაც „ოცნება“ იღებს. ხაზი გავუსვით იმ ფაქტსაც, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს კრიტიკული დასკვნის და რეკომენდაციების მიუხედავად, რაც უნდა გაეთვალისწინებინა „ოცნებას“, სამწუხაროდ, გათვალისწინების და ნაბიჯების წინ გადადგმის ნაცვლად, ჩვენ ვიხილეთ სრულიად საპირისპირო. პირიქით, უფრო დაამძიმა საარჩევნო გარემო იმ ანტიდემოკრატიული კანონით, რაც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის „ოცნების“ საჯარო განცხადებებთან, თითქოს მათ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმის სურვილი აქვთ. ერთი მხრივ, ამას ამბობენ და, მეორე მხრივ, იღებენ სრულიად ანტიდემოკრატიულ კანონებს, რაც ერთმანეთთან თავსებადი არ არის“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული

ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. კალასის თქმით, დიპლომატია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ლიბანი ქაოსში არ ჩაიძიროს. „ჰეზბოლას გადაწყვეტილება, დაესხას თავს ისრაელს ირანის მხარდასაჭერად, საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ამავდროულად, ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო. მათი საპასუხო ქმედებები იწვევს მოსახლეობის მასობრივ იძულებით გადაადგილებას და ისედაც მყიფე სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს”,- განაცხადა კალასმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული.

გია ხუხაშვილი – ვფიქრობ, საფრთხე რეალურია, შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია

გადაცემაში ხუხაშვილი გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც გამოკითხვაზე დაიბარეს რამდენიმე პოლიტიკოსი და ყოფილი სამხედრო პირი.ექსპერტის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მისი თქმით, მიმდინარე რეგიონული დაძაბულობის ფონზე აღნიშნული ფაქტორი დამატებით რისკებს ქმნის.„რამდენი ხანია საუბარია, რომ „ალ - მუსტაფას“ უნივერსიტეტში, რომელიც აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული, რადგან ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი, ამზადებენ აქტიური მოქმედებებისთვის დაჯგუფებებს. გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ უნივერსიტეტს საქართველოში 3 ფილიალი აქვს: გარდაბანში, მარნეულში და ფონიჭალაში. გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან - რა მომზადებას გადიოდნენ, რა არის მოსალოდნელი? ომი რომ არ იყოს, შეიძლება სხვანაირად შეგვეხედა, მაგრამ ომი დაიწყო. თუ „ნაღმებია ჩადებული“, როდის გააქტიურებს ირანის ხელისუფლება, რომელიც გამწარებულია, ჩვენ ხომ არ ვიცით?!თუკი საქართველოში ასეთი ჯგუფები არსებობდა, ისინი ხომ ფინანსდებოდნენ საიდანღაც. ფინანსდებოდა ზუსტად „რუხი სქემებიდან“. ინფორმაციაც გავრცელდა იმისთან დაკავშირებით, რომ ირანში რეკლამას უკეთებენ: „სანქციების გვერდის ავლა გინდა, ჩამოიტანე საქართველოში, წარმოშობის სერტიფიკატი ქართულზე შეუცვალე და გაიტანე ევროპაში“. ასეთ რეკლამას ტყუილად ხომ არ აკეთებენ? ეს საქმეები დალაგებულია. რა თქმა უნდა, ამ საქმეებს ჰყავთ ქართველი კურატორები, რომლებიც ამაზე ფულს შოულობენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია, რადგან ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია ამ ტიპის სქემების დალაგება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს ხალხი ახლდეს ამ გამოძიების პროცესის საბოტირებას. სუს-ი ამას კი არ იძიებს, იმას იძიებს თინა ხიდაშელმა რა ილაპარაკა და რა იცის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მოჯთაბა ხამენეი: ირანის უზენაესი ლიდერის ვაჟი და მემკვიდრე

ირანის დაღუპული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის ახალ მეთაურად დაინიშნა, შედარებით თავდაჭერილი ფიგურაა, რომელმაც მამის ხაზის - ხისტი მმართველობის - გაგრძელება უნდა უზრუნველყოს. მამის მმართველობის პერიოდში, 56 წლის მოჯთაბას ოფიციალური პოსტი არ ეკავა, თუმცა არსებობდა ვარაუდები, რომ ის კულისებიდან მართავდა ირანის ხელისუფლების ცენტრალურ რგოლებს. მას კონსერვატორებთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ, განსაკუთრებით - „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ (IRGC) კავშირის გამო, რომელმაც ახალ ლიდერს ერთგულება უმალ გამოუცხადა. ისლამური რესპუბლიკის რიგით მესამე უზენაესმა ლიდერმა დანიშვნისთანავე ასევე მიიღო მხარდაჭერა პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანისგან, შეიარაღებული ძალებისა და სასამართლო ხელისუფლებისგან.ოფიციალურ ცერემონიებსა და მედიაში მისი იშვიათი გამოჩენის გამო, ხამენეის რეალური გავლენა წლების განმავლობაში ინტენსიური მსჯელობის საგანი იყო როგორც ირანის მოსახლეობაში, ისე დიპლომატიურ წრეებში. ქვეყნის უმაღლესმა სასულიერო ორგანომ - „ექსპერტთა ასამბლეამ“ - ოფიციალურ ლიდერად მისი დანიშვნა ორშაბათს, შუაღამისას გაკეთებული განცხადებით დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ ისლამურმა რევოლუციამ შაჰის მეთაურობით არსებულ მრავალსაუკუნოვან მონარქიას წერტილი დაუსვა, საბჭომ არჩევანი სწორედ მემკვიდრეობით გადასვლაზე შეაჩერა, რასაც თავად ალი ხამენეი 2024 წელს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა. მოჯთაბა ხამენეი, რომელიც 1969 წლის 8 სექტემბერს აღმოსავლეთ ირანის წმინდა ქალაქ მაშჰადში დაიბადა, დაღუპული ლიდერის ექვს შვილს შორის ერთადერთია, ვინც საჯარო თანამდებობა დაიკავა.აიათოლა ალი ხამენეი 86 წლის ასაკში დაიღუპა თეირანზე აშშ-ის და ისრაელის საჰაერო დარტყმების პირველი ტალღის დროს, რამაც 28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებას დაუდო საფუძველი. კავშირები უსაფრთხოების ძალებთან მოჯთაბა ხამენეი - სასულიერო პირი ჭაღარა წვერითა და „სეიედის“ შავი ჩალმით, რაც წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლობაზე მიუთითებს, – XX საუკუნის 80-იანი წლების ირან-ერაყის ომის ვეტერანია. 2019 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას სანქციები დაუწესა. აშშ-ის განცხადებით, მოჯთაბა ხამენეი თავისი მამის წარმომადგენელია, „მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა არჩეული ან დანიშნული სამთავრობო პოსტზე, თუ მამის ადმინისტრაციაში მუშაობას არ მივიღებთ მხედველობაში“. აშშ-ის ხაზინის მაშინდელი განცხადებით, ალი ხამენეიმ „თავისი ლიდერული პასუხისმგებლობის ნაწილი“ გადააბარა ვაჟს, რომელიც „მჭიდროდ თანამშრომლობდა“ ირანის უსაფრთხოების ძალებთან, „დესტაბილიზაციის მომტანი მამამისის რეგიონული ამბიციებისა და რეპრესიული საშინაო მიზნების მისაღწევად“. ოპონენტები უმცროს ხამენეის იმ ძალადობრივ დარბევებში მონაწილეობაშიც ადანაშაულებენ, რომლებიც 2009 წელს ულტრაკონსერვატორი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელახალ არჩევას და ამასთან დაკავშირებულ მასშტაბურ საპროტესტო მოძრაობას მოჰყვა.სააგენტო „ბლუმბერგის“ გამოძიების თანახმად, რომელიც ანონიმურ წყაროებსა და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების ანგარიშებს ეყრდნობა, მოჯთაბა ხამენეიმ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დააგროვა. გამოძიების მიხედვით, ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხები ოფშორულ ზონებში არსებული ფიქტიური კომპანიების მეშვეობით მიემართებოდა ისეთ ინვესტიციებში, როგორიცაა მდიდრული უძრავი ქონება ბრიტანეთში, სასტუმროები ევროპასა და საკუთრება დუბაიში. რაც შეეხება რელიგიურ ასპექტს, მოჯთაბა ხამენეი თეოლოგიას თეირანის სამხრეთით მდებარე წმინდა ქალაქ ყუმში სწავლობდა, სადაც მოგვიანებით თავადაც ასწავლიდა. მას „ჰოჯათ ალ-ისლამის“ რანგი ჰქონდა მინიჭებული, თუმცა უმაღლეს ლიდერად დანიშვნისას, იგი უკვე „აიათოლას“ სტატუსით წარადგინეს - ეს უფრო მაღალი რანგია, რომელსაც მისი მამა და რევოლუციის ლიდერი, რუჰოლა ხომეინი დანიშვნისას ატარებდნენ.ირანის ხელისუფლების ცნობით, მოჯთაბა ხამენეის მეუღლე, ზაჰრა ჰადად-ადელი, იმავე დარტყმების დროს დაიღუპა, რომლებმაც ყოფილი უზენაესი ლიდერი იმსხვერპლა. ისრაელმა ახალ უზენაეს ლიდერსა და მის ამრჩევებს მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა: „ისრაელის სახელმწიფოს ხელი მიწვდება ნებისმიერ მემკვიდრეს და ყველას, ვინც მის დანიშვნას შეეცდება“. „ექსპერტთა ასამბლეა“ 88 წევრისგან შედგება, რომლებსაც რვა წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ამ ორგანომ დღემდე ხელისუფლების გადაბარების მხოლოდ ორ პროცესს გაუწია ზედამხედველობა - მიმდინარე კვირას და 1989 წელს, როდესაც ხომეინის გარდაცვალების შემდეგ ალი ხამენეი აირჩიეს.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, ირანს არაფერი დარჩა

ვფიქრობ, ფაქტობრივად ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, მათ არაფერი დარჩათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ,,სიბიეს ნიუსთან” სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. ,,ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია. მათ არ ჰყავთ საზღვაო ფლოტი, კომუნიკაციები, საჰაერო ძალები. მათი რაკეტები მიმოფანტულია. დრონები კი მთლიანად განადგურებულია, მათ შორის დრონების წარმოება. თუ დააკვირდებით, მათ არაფერი დარჩათ. სამხედრო თვალსაზრისით არაფერი დარჩათ“, – აღნიშნა ტრამპმა. ამასთან, ტრამპის თქმით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერისთვის, მოჯტაბა ხამენეისთვის არანაირი გზავნილი არ აქვს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას მხედველობაში ჰყავს ვიღაც, ვინც ხამენეის შეცვლის, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. ამასთან, აშშ-ის პრეზიფენტმა განაცხადა, რომ აშშ–ს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. ,,ირანმა ყველაფერი ესროლა, რაც კი შეიძლება და ჯობია არაფერი სცადონ, თორემ ეს ამ ქვეყნის დასასრული იქნება. თუ რამე ცუდს გააკეთებენ, ეს ირანის დასასრული იქნება და ამ სახელს ვეღარასდროს გაიგებთ“, – განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა, რომ ომი საბოლოოდ მალე დასრულდებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „პასუხი მხოლოდ ჩემს გონებაშია, სხვა არავის“.

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ,,საუბარი საქმიანი, გულწრფელი და კონსტრუქციული იყო, როგორც ეს დამახასიათებელია რუს და ამერიკელ ლიდერებს შორის დიალოგისთვის. მათ დიდი ხანია, ტელეფონით არ უსაუბრიათ, ბოლო საუბარი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ჰქონდათ. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც ადრე იყო შეთანხმებული, ასეთი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, რეგულარულად უნდა მოხდეს და ორივე ლიდერმა ამისთვის მზადყოფნა გამოთქვა”, – აღნიშნულია უშაკოვის განცხადებაში. მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული არაერთი კრიტიკული საკითხი განიხილეს, მათ შორის ირანთან კონფლიქტის გარშემო არსებული ვითარება და უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებები. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა არაერთი მოსაზრება, რომელიც მიმართულია ირანის კონფლიქტის სწრაფ პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოგვარებაზე. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა შეაფასა აშშ-ისრაელის მიმდინარე ოპერაციის კონტექსტში განვითარებული ვითარება. უშაკოვის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან არსებითი და სასარგებლო აზრთა გაცვლა შედგა. ამასთან, უშაკოვმა აღნიშნა, რომ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ინტერესი უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულების მიმართ, რათა მიღწეული იყოს გრძელვადიანი მოგვარების საკითხი. ამასთან, პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ვენესუელის საკითხი, ძირითადად გლობალურ ნავთობის ბაზარზე არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით.

ბოლო სიახლეები