ღალატია ის, როდესაც ხალხს 64-ივე მუნიციპალიტეტში წარმომადგენლის გარეშე დატოვებ, ბრძოლის ველს გაეცლები, მოღალატეობრივად გაიპარები და ხალხს მოუწოდებ, არჩევნებზე არ მივიდნენ, რუსთაველზე მივიდნენ, სადაც მშვიდობიანი დამხობაა დაანონსებული და ამაზე პასუხისმგებლობას არ აიღებ. შემდეგ კი, საერთოდ არ ხსნი, რატომ მოიქეცი ასე, ეს საჩუქარი რატომ გაუკეთე „ოცნებას“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვინ არის მოღალატე, ამას ისტორია კარგად შეაფასებს.
„ვიდრე ჩვენს ღალატზე ისაუბრებს ქალბატონ სალომეს გადაეცით, რომ სწორედ ეს არის ღალატი. ვინ არის მოღალატე, ამას ისტორია კარგად შეაფასებს. ჩვენ ყოველ დღე პარლამენტში „ოცნების“ წინააღმდეგ მწვავე ოპინირებას ვეწევით. ეს არის პოლიტიკური პროცესი. არავინ არავის დაჰპირებია, რომ 12 მანდატით „ოცნების“ უმრავლესობის 89 დეპუტატს დავძლევდით. ოპოზიციიდან პარლამენტში 61 დეპუტატიც რომ ყოფილიყო, სამწუხაროდ, ეს მაინც ვერ მოხდებოდა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი გაცილებით აქტიური იქნებოდა. ფაქტობრივად, მთელი ოპოზიციის გასაკეთებელს 12 ადამიანი ვაკეთებთ. სხვის ღალატზე ვიდრე ისაუბრებენ, საკუთარ მოღალატეობრივ მოქმედებაზე ისაუბრონ, მათ შორის იმაზე, რა შედეგი დააყენეს ამ ქვეყანაში 4 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „არიან პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების“ გზავნილებსა და სხვა პარტიებზე „ოცნების“ დარტყმებს იმეორებენ. ესენი არიან მოღალატეები და მათთან ერთად ძალიან ძნელია ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ“.

