რეგიონში ვიდრე ასეთი დაძაბული ვითარებაა, სულ მცირე, მორატორიუმიც კი უნდა გამოვაცხადოთ იმ თემაზე, რომელიც შეიძლება, პოტენციურად საფრთხეს შეიცავდეს საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განუცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ, რითიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისა და გენერალ-მაიორის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საკუთარ განცხადებებს ცოტა მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.
„რაც არ უნდა მავნებელი იყოს „ოცნება“, ვინც არ უნდა იყოს, პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ექსპერტი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, მნიშვნელობა არ აქვს, ამ ურთულეს ვითარებაში ყველას ყველაფერი გვმართებს, რათა ამ ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ, რადგან მშვიდობაზე დიდი ღირებულება არ არსებობს. ამიტომ ყველამ კეთილი ინებოს და ცოტა მეტი სიფრთხილით მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს. რომ არ ეკიდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი აქვთ და არ აინტერესებთ, ასეთ განცხადებას ქვეყნისთვის რა შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა შარაშიძემ.

