ოპოზიციური პარტიების ნაწილი გააერთიანა ბოიკოტის იდეამ და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, ანუ ამ პარტიებმა, პირდაპირ თუ ირიბად, განზრახ თუ შეცდომით, გააკეთეს „ოცნების“ საქმე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამოუკიდებლად აგრძელებს ბრძოლას.
„შესაბამისად, თავი რომ დავანებოთ მათ „ნაცურ“ და რადიკალურ წარსულს, ამ პარტიებთან არანაირი საქმე არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი გზა, დამოუკიდებელი სტრატეგია, ტაქტიკა, რაც, პირველ რიგში, გამიზნულია „ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებისკენ. 4 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა უპასუხისმგებლო ქმედებას, რაც დაიწყო ბოიკოტის კამპანიით. ამას მოჰყვა 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის პროვოკაცია, რომელიც „ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი. ამ პარტიებს არ ეყოთ გამჭრიახობა და უნარი, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. შესაბამისად, ჩვენ მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ ბრძოლას „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.
შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

