საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან გზაზე ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. ჩვენი გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენი კურთხევა იგრძნობოდა გუნდში ყოველდღე და ყოველ თამაშზე. ეს წარმატება თქვენი კურთხევისა და უფლის წყალობის გარეშე ვერ მოვიდოდა“.
გიორგი მამარდაშვილი: „პირადად ჩემთვის, ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა. დღეს ეს ოცნება ამიხდა და მადლობელი ვარ ამისთვის. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ალბათ, არავინ ელოდებოდა, რომ აქამდე გავიდოდით და ასეთ თამაშებს ვაჩვენებდით. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, რომ ამ რთული მატჩების დროს გვერდით გვედექით. მადლობა მთელ საქართველოს, რადგან გერმანიაში გამოჩნდა ის ქართული ძალა და სული, რაც გვაქვს. ეს ჩვენ ვიცოდით, მაგრამ მსოფლიოს ვაჩვენეთ“.
ოთარ კიტეიშვილი: „რა თქმა უნდა, პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია. დიდი მადლობა მას მასპინძლობისთვის და ლოცვა-კურთხევისთვის. ის ჩვენ მიმართ, ნაკრების მიმართ მხარდაჭერას ყოველთვის გამოხატავდა. ვფიქრობ, მისი ლოცვა-კურთხევა ევროპის ჩემპიონატზე მუდამ გვეხმარებოდა. პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტია“.
პირველი არხი.