პარასკევი, მარტი 27, 2026

გიორგი კვირიკაშვილმა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან თანამშრომლობის გეგმები განიხილა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს მაია გოიკოვიჩს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. მხარეების შეთანხმებით, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომლის გამართვა თბილისში მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.

პრემიერმინისტრმა სერბეთის რესპუბლიკას ჩვეულებრივი პასპორტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას. ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მტკიცდება. მადლობას მოგახსენებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების – ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. ასევე მადლობას მოგახსენებთ თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, ჩვეულებრივი პასპორტით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. ჩვენი ველით სერბეთის ბიზნესმენთა დელეგაციის ჩამოსვლას წელს თბილისის ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ არ გვაქვს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები. ასე რომ, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისთვის და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის ბიძგის მისაცემად”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა. მაია გოიკოვიჩმა განაცხადა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურება.

„ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს მოქალაქეებს, და სწორედ ჩვენი მოქალაქეების ნებაა, რომ ჩვენ დამაყაროთ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები. ეს ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ დასაწყისი, რომელიც ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას როგორც საპარლამენტო, ისე, ზოგადად, პოლიტიკურ დონეზე”, – განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი კავშირების განვითარების დინამიკას, რასაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში მოქმედი მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რეგიონში აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რეგიონში აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ საპასუხო ოპერაციების გამო სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ.პარალელურად, გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაურმა, სეიედ მაჯიდ მუსავიმ მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა, რაც, მისი თქმით, რეგიონში შეერთებული შტატებისა და ისრაელის ინტერესებს ზიანს მიაყენებს.„თქვენ ერთხელ უკვე გამოგვცადეთ; მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ თქვენ თვითონ დაიწყეთ ცეცხლით თამაში და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. ამჯერად პრინციპი აღარ იქნება „თვალი თვალის წილ“, უბრალოდ დაელოდეთ“, – განაცხადა მუსავიმ.გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამრეწველო და ბირთვულ ობიექტებზე არაერთი თავდასხმა განახორციელეს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დარტყმები დაბინძურების საფრთხეს არ ქმნის.

გიორგი გაბუნია – ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეს ეკლესიას თავს ესხმიან

ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ყველა გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს.„სამწუხაროდ, ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ეკლესია არ უყვართ და პატრიარქი არ უყვარდათ, ამის გამოხატულებას ყოველთვის ვხედავთ. როცა ძვირფასი პატრიარქი დავკარგეთ, ვხედავთ, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არ წყდება. ეს პროცესი გარედანაც იმართება, რადგან არ მოსწონდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკლესიას დიდი ავტორიტეტი და ნდობა ჰქონდა. ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრებს ეკლესია, მისი კონტროლი და მასზე ზეგავლენის მოპოვება ძნელია. ამიტომ, წლებია, ეს თავდასხმები ეკლესიაზე ხორციელდება. ამ მიმართულებით ენჯეოსექტორის წარმომადგენლები აქტიურობენ. ისინი ცდილობენ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებს ისეთი რამე დააბრალონ, რაც არანაირ კავშირშია სიმართლესთან. ამიტომ ეს ბინძური კამპანია გრძელდება და ახალი ძალით დაიწყო. ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს. ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ასეთ ბინძურ შეტევას და გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მარკო რუბიო – ირანში აშშ-ის ოპერაცია გაგრძელდება კვირების და არა თვეების განმავლობაში

აშშ-ის ოპერაცია ირანში გაგრძელდება კვირების და არა თვეების განმავლობაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ ირანის ნეიტრალიზაციის მცდელობის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში ჯარების განლაგებას, რუბიომ უპასუხა, რომ სამხედრო ტაქტიკაზე არ ისაუბრებს.როგორც აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აშშ-ს შეუძლია ირანში მიზნების მიღწევა „სახმელეთო ჯარების გარეშე“.მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის პასუხი აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე „შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გავრცელდეს“.რუბიოს თქმით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში შესაძლოა, გადასახადის სისტემის დაწესება გადაწყვიტოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამას „მიუღებელს“ უწოდებს და ამბობს, რომ მთელი მსოფლიო „აღშფოთებული“ უნდა იყოს, თუმცა, დასძენს, რომ ქვეყნებმა, რომლებზეც მთავარ საზღვაო მარშრუტზე შესაძლო გადასახადის სისტემა ყველაზე მეტად აისახება, „რაღაც უნდა მოიმოქმედონ“.

ჟან-ნოელ ბარო – „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მოწოდებაა თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების განცხადებით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენა მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „კონფლიქტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური მიწოდების ჯაჭვებს – ენერგეტიკას, სურსათს და სასუქს, რაც უშუალოდ აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, „აუცილებელია ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული და უსაფრთხო თავისუფლების აღდგენა“.ამასთან, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ და აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ მოწოდებაა თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.მისივე თქმით, ამ თავდასხმებს არაფერი ამართლებს და მშვიდობიანი მოსახლეობა სათანადოდ უნდა იყოს დაცული.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიმეორა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მოწოდება ჰორმუზის სრუტეში „გემების თავისუფალი და უსაფრთხო მოძრაობის“ უზრუნველსაყოფად.ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თანახმაა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობა გააცნოს და ერთობლივად იმუშაონ შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად.

კარგი სიახლე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

2026 წლის ივნისიდან თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი – კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით. ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი – Norwegian Air Sweden-ი შეასრულებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგეტნოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27  ივნისიდან კვირაში ორი სიხშირით – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო 15 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართველ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობებას მისცემს, კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ სხვა ევროპული თუ ამერიკული მიმართულებებით.

ბოლო სიახლეები