პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის შეფასებით, პაატა ბურჭულაძე ღიმილის მომგვრელ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს.
გიორგი კახიანი საქართველოს პირველ არხთან საუბარში პაატა ბურჭულაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს „დინამოს“ დაქირავების მიზნით თანხების გამოყოფა მოსთხოვა.
კახიანის თქმით, მას პაატა ბურჭულაძის განცხადებები აღარ უკვირს, რადგან აქამდეც არაერთი არაადეკვატური განცხადება გააკეთა.
„რომელი ერთი გავიხსენო, აღარ ვიცი. მაგალითად, როცა თქვა, რომ არჩევნები მობილური ტელეფონებით უნდა ჩატარდესო. ახლა მორიგი აბსურდი მოვისმინეთ. ასეთი განცხადებები მიუთითებს არაკომპეტენტურობაზე, არაადეკვატურობაზე და პოლიტიკური გამოცდილების არქონაზე. ფაქტობრივად, ხელისუფლებას სთხოვს, თანხები გამოუყოს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი დაამხოს. ალბათ ცოტა ხანში ასეთ რამეს მოითხოვენ. მისი განცხადებები ღიმილის მომგვრელია და სერიოზულად არ აღიქმება“, – განაცხადა კახიანმა.