საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის ვადად ცხრა თვეა დადგენილი, თუმცა იმედი გვაქვს, განხილვა უფრო მალე მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სარჩელში ისეთი მტკიცებულებებია წარდგენილი, რაც სამი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საფუძველი გახდება.
„მგონია, საზოგადოება ყველაზე მეტად ხვდება, კონსტიტუციური სარჩელი როგორ უნდა შეფასდეს. მათ კარგად იციან, რაოდენ დიდი მავნებლობა აქვს ჩადენილი ამ სამ ოპოზიციურ პარტიას ქვეყნის წინაშე. საპარლამენტო უმრავლესობის ვალდებულებაც კი იყო, ასეთ მავნებლურ პოლიტიკას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს. ამის სამართლებრივი გზა ერთია, იმისთვის, რომ არაკონსტიტუციურად იყვნენ ცნობილი პარტიები, გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო იღებს. განხილვის ვადად ცხრა თვეა დადგენილი, თუმცა იმედი გვაქვს, სარჩელის განხილვა უფრო მალე მოხდება. სარჩელში ისეთი მტკიცებულებებია წარდგენილი, რაც ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საფუძველი გახდება. განხილვა საჯარო იქნება და ხალხი ყველაფერს თავისი თვალით ნახავს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

