არ შეიძლება, ამ მოვლენას არ ვუწოდო დიდი კულტურული, დიდი ეროვნული, დიდი მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად ოქროს ასოებით ჩაიწერება, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ „იმედი კვირას“, იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე საუბრისას განუცხადა.
„საქართველოში მოდის ის ხელნაწერი, სადაც იოანე ზოსიმეს სტრიქონები დაწერილია იმ ფურცლებზე, რომელთა ქვედა ფენებზე არის არამეული დიალექტი და რომელზეც საუბრობდა მაცხოვარი. ეს იმდენად საკრალურია, მისტიკურია და იმდენად ამაღელვებელია, რომ არ შეიძლება, ამ მოვლენას არ ვუწოდო დიდი კულტურული, დიდი ეროვნული, დიდი მნიშვნელობის ფაქტი , რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან ასეთი რამ საუკუნეში ერთხელაც არ ხდება. შესაძლოა, საუკუნეებმა ისე გაიაროს, რომ ასეთი მნიშვნელობის ფაქტი არ მოხდეს. ამიტომ, ეს მართლაც დიდი მოვლენაა“, – განაცხადა კალანდიამ.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს სინას მთის კოლექციიდან. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.