ჩვენ დაახლოებით 2 წელზე ცოტა მეტი პერიოდის განმავლობაში ვნახეთ, რომ პირი, რომელიც ჩემი მოადგილის პოზიციაზე არის განწესებული ოპოზიციური კვოტით, ვერ გამოვიდა პარტიული მიკერძოებიდან და არათუ გამოვიდა, რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ, რომ მისსავე დამნიშნავ პოლიტიკურ გაერთიანებაში პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რეალურად, ჩვენ პრაქტიკაში ვნახეთ, რომ ადმინისტრაციის სასარგებლოდ, წინასაარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად რაიმე კონტრიბუცია მის მონაწილეობას ამ პოზიციაზე არ ჰქონია. არცერთ ქვეყანაში, სადაც ასეთი ტიპის საარჩევნო მოწესრიგება არსებობს, არსად არ არის, რომ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი ითავსებდეს თავმჯდომარის მოვალეობას იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის არჩეული. ასევე ამ ბატონის მხრიდან ვნახე განცხადება, თითქოს ამ საკანონმდებლო ცვლილებების სულისკვეთება მდგომარეობდა იმაში, თითქოს ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნებოდა არჩეული და ის იმთავითვე შეასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას. შესაბამისად განზრახვაც ნათელია, რაც მიუთითებს ასევე იმაზე, რომ გარკვეულ ეტაპზე ამ ყველაფერს შესაძლოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის საბოტაჟირება გამოეწვია. პირდაპირ გეტყვით, რომ ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანობასთან მიმართებაში თავმჯდომარის მოადგილის არსებობას ან არარსებობას ვერანაირი გავლენა ვერ ექნება იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც დღეს საკანონმდებლო განაწესი არსებობს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.