იმისთვის, რომ ივანიშვილი საბოლოოდ დავასამაროთ, უნდა ვიყოთ ერთიანები, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„ოპოზიციამ უპირობოდ დიდი გაერთიანება უნდა ჩამოაყალიბოს. ნახევრად ერთიანობა არ გამოვა. ყველა პარტიის წარმომადგენელი ერთად უნდა დავსხდეთ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომელთანაც, სამწუხაროდ, ერთი თვეა კომუნიკაცია არ მქონია. მქონდა კიდეც მის გარემოცვასთან საუბარი, საერთო ჩათიც გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს. მუდმივად ვიწერები, შევიკრიბოთ, დავსხდეთ, უნდა ვიმუშაოთ. ადამიანებმა აზრი ხომ უნდა გავცვალოთ ერთმანეთში? გახარიასთან ღრმა თანამშრომლობა რომ არ გამოდის, ეს შემდგარი ფაქტია. არ უნდა ამ კაცს, რა გავაკეთოთ? საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, სწორია თუ მტყუანია. ჩემი აზრით, მისი პოზიცია არასწორია. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის გარშემო, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე არის ამ ქვეყნის გადარჩენა.
ვერ ვხედავ დიდი ნაწილისგან სურვილს, რომ ეს ბარიერები რაღაცნაირად გადავლახოთ. ეს უნდა გადავლახოთ. ეს თუ არ გადავლახეთ ამ მოკლე ვადაში, ვერ დავამარცხებთ იქითა მხარეს. რადგან ისინი სარგებლობენ ამით. რა არის გასაკეთებელი – სასწრაფოდ, სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ვიხმობ ჩემთან, ერთიან პლატფორმას ვაკეთებთ. არა ის, რომ ახალი პარტიები გააკეთეთ… რა ახალი პარტია? ოღონდ ვინმემ ახალი პარტია გააკეთოს და ეს სიტუაცია შეცვალოს, მე მხოლოდ გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ არ გამოვა ეს. გამოვა მხოლოდ ტოტალური ერთიანობა, ამის უკვე შეეშინდება იქითა მხარეს“, – განაცხადა ვაშაძემ.