„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ არაფრის მომცემია.
„ძალიან მკაფიოა ვენეციის კომისიის დასკვნა. ამ კანონის [დეოლიგარქიზაციის შესახებ] მიღება არ შეიძლება. ეს კანონი არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, იმ რეკომენდაციებს, რაც აქვს ევროკავშირს. ამაზე მკაფიო დასკვნა, ამაზე პირდაპირი ნათქვამი მე ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს. ჩავთვალოთ, რომ გადასაგდებია ეს კანონპროექტი და სისტემური მიდგომა უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის კუთხით“, – განაცხადა ვაშაძემ.
მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს.