გიორგი გულიაშვილს, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინას პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, ერთ-ერთი ბერძნული გრანდი იწვევს – „სარაევოს“ 23 წლის ქართველ ფორვარდზე ინფორმაციას გამოცემა „ფაქტორი“ ავრცელებს.„ბოსნიის პრემიერლიგის სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, გიორგი გულიაშვილმა, შესაძლოა, გუნდი დატოვოს. ქართველი თავდამსხმელი დიდი ხანია ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშია და, შესაძლოა, ახალი სეზონიდან ერთ-ერთ ბერძნულ გრანდშიც გადავიდეს.
გულიაშვილის ტრანსფერით პირეოსის „ოლიმპიაკოსია“ დაინტერესებული. ბერძნულმა კლუბმა გასულ სეზონში კონფერენს ლიგა მოიგო. საბერძნეთში გადასვლა ქართველი თავდამსხმელისთვის, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – ამტკიცებს ბოსნიური გამოცემა.
გულიაშვილმა „სარაევოსთან“ ერთად ბოსნიის თასი მოიგო, ჩემპიონატში კი 16 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზეა და ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე რომ არ გამოეტოვებინა, ალბათ, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდებოდა“.