ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რადგან პოლიტიკური პარტია თუ ხარ, ყოველთვის მზად უნდა იყო არჩევნებისთვის. ჩვენ ასე ვმოქმედებთ. ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, თუ არჩვენები ერთად არ დაინიშნა, კატეგორიულად უარს ამბობს თუ არა, გახარიამ უპასუხა, რომ კატეგორიულ უარს არ ამბობს, თუმცა ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს მზად არ არის.
„რომ არ დაინიშნება, მერე გადავწყვეტთ. რა თქმა უნდა, კატეგორიულ უარს არ ვამბობ. გიდასტურებთ, რომ კატეგორიულ უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს, რადგან ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია. ვერ მოქმედებს ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, სახელებს არ დავასახელებ, ახალა რომ სხედან და რაღაცაზე ოცნებობენ. მე ყოველთვის ვამბობ იმას, რისი გადათქმაც შემდგომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. მე ახლა თქვენ დაგიდასტურეთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, თუ ჩატარდა ერთად, გასაგებია, თუ ჩატარდა ცალ-ცალკე, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა მივიღებთ. არავის საქმე არ არის ეს. რა თქმა უნდა, ვემზადებით, კატეგორიულ უარს არ ვამბობთ. ჩვენ შეიძლება, მიღოთ, შეიძლება, არ მივიღოთ. მე არ ვარ მზად ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს“, – აღნიშნა გახარიამ.
კითხვაზე, რა შემთხვევაში არ მიიღებთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, გახარიამ უპასუხა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესია, რომლებიც გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებენ.
„ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა, რომელიც თქვენ გინდათ, ეს არის ინტერესი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, რომლებიც იმდენად უსუსურები არიან, რომ საკუთარი გადაწყვეტილება თავის თავზე ვერ აუღიათ. გვიყურებენ ჩვენ, აბა, რას ვიზამთ ჩვენ. ყველამა მიხედოს თავის თავს. მე იმას ვამბობ, რასაც ვამბობ ღიად, გულწრფელად და პირდაპირ და ისეთ რამეს ვამბობ, რისი გადათქმაც არ მომიწევს. ის პარტიები, რომლებიც თავს იკლავდნენ, ბოიკოტს ვუცხადებთ, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, ისინი რომ მიიღებენ“, – განაცხადა გახარიამ.
კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, ეჭვი აქვს ოთხივე ბარიერგადალახულ პარტიაზე, მისი პარტიის ჩათვლით, რომ გავლენ არჩევნებზე, გახარიამ უპასუხა:
„ყველაზე მაქვს ეჭვი. რას ნიშნავს ჩვენი ჩათვლით, მე გეუბნებით ჩემს თავზე. მარტივი ამბავია, დიახ, ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“, – აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, არჩევნებზე მონაწილეობის შანსი არის იმ შემთხევაშიც, თუ მანამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. „ეს გადაეცით სხვებსაც, მათაც გადაეცით სხვებსაც და მათაც გაუჩნდებათ სივრცე და ცოტა უფრო თამამად იმოქმედებენ“, – აღნიშნა გახარიამ.