შეუძლებელია ქვეყნის გამარჯვებასა და წარმატებაზე ვისაუბროთ, სანამ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კასპში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენისას განაცხადა.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ – კასპში, გორში, ქართლში, სამეგრელოში, კახეთსა თუ სამცხეში, ოკუპაცია არის ჩვენი უდიდესი პრობლემა და ოკუპაცია არის პრობლემა, რომელიც იქნება ყოველდღიურად, სანამ ჩვენ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ. რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ ჩვენს მიერ კონტროლირებად საქართველოში ქვეყანა გავაძლიეროთ, ეკონომიკა გავხადოთ წარმატებული, ვიზრუნოთ თითოეულ ადამიანზე, კეთილსინდისიერად ვიმუშაოთ თითოეული დღე ჩვენი მომავლისთვის, იმისთვის რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის იქით, ჩვენმა ოსმა, აფხაზმა მოქალაქეებმა ნახონ ეს სხვაობა“, – განაცხადა პრემიერმა.
მან კასპში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები მმართველ გუნდს დასახული პოლიტიკის გაგრძელების საშუალებას მისცემს.
„გიგი ხოჯევანიშვილი არის ამ კუთხის ღირსეული შვილი. ეს კაცი რამდენიმე წელი იყო გუბერნატორი. არავინ იცის მასზე უკეთესად კასპში, გორში, სად რა პრობლემაა. ამ კაცს არჩევნების მეორე დღიდან შეუძლია დაჯდეს და დაიწყოს იმ პრობლემები მოგვარება, რაც აქ დღეს არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ღირსეული ხმა იქნება საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა გახარიამ.