პარასკევი, სექტემბერი 19, 2025

გიორგი გახარია – სახელმწიფო ტექნოლოგიურად, ცოდნით, ფინანსებზე წვდომით თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით და გვექნება შედეგი

უაღრესად სასიამოვნოა ასეთ თბილ გარემოში, ზუგდიდში, თან ასეთი მნიშვნელოვანი მიზეზით შეკრება. თხილი სამეგრელოსთვის მიუხედავად იმისა, რომ აქ საქართველოს ბევრი რეგიონიდან ვხედავ სტუმრებს და მარტო სამეგრელოში არ იზრდება თხილი, გურიაშიც მოჰყავთ, აჭარაშიც, კახეთშიც, იმერეთშიც, ყველაზე კარგი თხილი და ყველაზე ბევრი მაინც სამეგრელოში მოდის. ამიტომ ეს დღესასწაული, ეს ფესტივალი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამეგრელოში და უნდა იყოს ზუგდიდში, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თხილის ფესტივალთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეთხილეობა საქართველოს ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი იყო ეპიდემიოლოგიურად რთული და ბევრი შეზღუდვები იყო, სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთი დღითაც არ გაჩერებულა.

„არის რაღაცები, რაზეც მოგვიწევს შეთანხმება და ფიქრი, მაგალითად, ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე, რა უნდა დაერქვას ამ ღონისძიებას. აგერ, ბატონმა ბრძანა, რომ „თხილობაო“, ზოგმა თქვა, რომ „თხირიშ კოროფუა“ უნდა დავარქვათო და ამიტომ ახლა შეიძლება „თხილობა“ დავარქვათ, მაგრამ „კოროფუა“ იქნება ეს ყოველთვის აქ, ზუგდიდში, ამიტომ მთავარია, რომ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ქართველი ფერმერი, მეთხილეობა არის ამ კუთხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ საქართველოს ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი იყო რთული, მე ვამბობ, მხოლოდ ეპიდემიოლოგიურად, ბევრი შეზღუდვები გვქონდა, ეკონომიკურადაც კრიზისი იყო, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არ გაჩერებულა არც ერთი დღით. ამიტომ, როგორც შედეგი, დღეს ჩვენ გვაქვს და მე მინდა, ჩამოვთვალო, ატმის მოსავალი კახეთში, ატმით დავიწყეთ და ატმის მოსავლის ექსპორტი ქვეყნიდან გაზრდილი არის დაახლოებით ორჯერ, დაახლოებით 20 000 ტონა ექსპორტი მოხდა, შარშან იყო დაახლოებით 10 000-ზე ცოტა მეტი. ახლა მივდივართ – ვაშლი შიდა ქართლში, ქართლში უახლოეს პერიოდში დაწყება ვაშლის აღება და წელსაც სამჯერ მეტი მოსავალი გვექნება, 120 000 ტონას ვუყურებთ დაახლოებით, ასეთი პროგნოზი გვაქვს. ახლა ვართ სამეგრელოში და თხილის აღება უკვე დაწყებულია, რასაც ეძღვნება ეს ჩვენი ღონისძიება და მოგეხსენებათ, საპროგნოზო ციფრები დღეს არის დაახლოებით 50 000 ტონა. 50 000 ტონა ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი იქნება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2016 წლის შემდგომ, როდესაც ფაროსანას ეპიდემია დაიწყო სამეგრელოში, აშკარა პროგრესია და ფაროსანასთან ბრძოლა ქვეყანაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება, მავნებლებს ებრძოლონ მსოფლიოში.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს არ არის კატასტროფულად დიდი ციფრი იმასთან შედარებით, რა დღეშიც იყო ეს დარგი ორი, სამი, ოთხი წლის წინ, 2016 წლის შემდგომ, როდესაც ფაროსანას ეპიდემია დაიწყო სამეგრელოში, ჩვენ, რა თქმა უნდა, აშკარა პროგრესი გვაქვს. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაროსანასთან ბრძოლა ქვეყანაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება, მავნებლებს ებრძოლონ მსოფლიოში და ეს აღიარებულია საერთოდ, რადგან არიან ქვეყნები, ბევრად უფრო განვითარებულები, რომლებიც ათწლეულობით ებრძვიან ფაროსანას და ჯერ ბოლომდე ვერ გაუმკლავდნენ. საქართველოში დაგვჭირდა სამი-ოთხი წელი. რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე ეს დამარცხებული არ არის, მაგრამ ამას რომ დაემატა გლეხში, ფერმერში უფრო მეტი ცოდნა, მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, მაგალითად, დღეს ბიჭებთან ერთად ვსაუბრობდი, თხილში რომ შეხვიდოდი, ცა არ ჩანდა საერთოდ, სიბნელე იყო, დაჩრდილული ყველაფერი, ახლა თხილის ბაღებში რომ შედიხარ, გიხარია. ცოდნა, ერთობლივი მუშაობა სახელმწიფოსა და ფერმერის, კოოპერატივებისა და ასოციაციის და გვექნება შედეგი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ორგანიზებულობისთვის მადლობა გადაუხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციას, ხაზი გაუსვა კოოპერირებას და აღნიშნა, რომ საქართველოს მარტივად შეუძლია, კარგი და ეფექტური მუშაობით, თხილის ექსპორტი გააორმაგოს.

„ამ ქვეყანას მარტივად შეუძლია, კარგი და ეფექტური მუშაობით, თხილის ექსპორტი გავაორმაგოთ. ჩვენს ქვეყანაში, 100 000 ტონა ხარისხიანი თხილი უნდა მოვიყვანოთ. ამისთვის ბაღებია გასაშენებელი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ უფრო ეფექტურად, ჰექტრიდან მოსავალი უნდა გავზარდოთ. ამისთვის გვჭირდება ცოდნა, ტექნოლოგიები. მინდა, მადლობა გადავუხადო ასოციაციას, პირველ რიგში, ამ ღონისძიების მოწყობისთვის. მე როგორც ვიცი, დღეს ასოციაციას 25 000 წევრი ჰყავს და მინდა, გითხრათ, რომ არც ერთ რეგიონში, არც ერთ დარგში ისეთი ორგანიზებული ასოციაცია, როგორიც არის მეთხილეობაში, საქართველოში არ არის. მეთხილეობაში ეს კოოპერირებაც და ასოციაციის მუშაობაც იყო ძალიან ეფექტური და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ერთობლივი მუშაობით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად პანდემიისა, ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება და ეს ფაქტია.

„საბოლოო ჯამში, აქ, ყველა უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე. უნდა ვიცოდეთ, რომ სისტემური ცვლილებები, რეფორმები არის სახელმწიფოს გასატარებელი. სახელმწიფო, ტექნოლოგიურად, ცოდნით, ფინანსებზე წვდომით თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით და ფერმერმა, თავისი კეთილსინდისიერი და ეფექტიანი შრომით, საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი, რეგიონი და ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი და ამისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ ისე, როგორც შრომობდით თხილის სექტორში ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ, სოფლის მეურნეობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ძალიან კარგად გახდა ნათელი, ამ პანდემიის დროს, როდესაც ელემენტარული, პირველადი მოთხოვნის პროდუქტების იმპორტი ქვეყანაში სისტემურად გახდა პრობლემა. დღეს, ერთობლივი მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება და ეს ფაქტია. ამიტომ აქ თხილი თავის სერიოზულ ნიშას დაიკავებს და რაც მთავარია, მინდა, გისურვოთ მშვიდობა და ეფექტიანი, ყოველდღიური შრომის შედეგი გვენახოს თითოეულ ჩვენგანს და რა თქმა უნდა, რწმენა. არაფერი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავალი და ამის შემდეგ სიამაყის გრძნობაა, არ არის. სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, ჩათვალეთ, რომ სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს, რიგით ფერმერებს ვეუბნებოდი, თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. იმიტომ, რომ არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო. დღეს, თხილის დარგში შედეგი სახეზეა. თითოეულ ფერმერს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს კულტურა მოჰყავს, შეუძლია, ამით იამაყოს. წარმატებას, გამარჯვებებს გისურვებთ და გისურვებთ, რომ უახლოეს სამ-ხუთ წელიწადში თხილის ექსპორტი საქართველოდან გაგვეორმაგებინოს. ჩვენ, ყველას ეს შეგვიძლია. ახლა, სიტყვა მინდა, გადავცე ლევან დავითაშვილს, რომელიც ის ადამიანია, რომელმაც 2016-2017 წლიდან ფაროსანასთან დაკავშირებით დავალება მიიღო და უაღრესად ეფექტურად, რამდენიმე წელი იმუშავა და დღეს ჩვენ გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს. ძალიან კარგად მახსოვს, ასოციაციასთან ერთად, ბოლო პერიოდში, ეს შესაწამლი, დასამუშავებელი აპარატები, რა ენერგია, მუშაობა დაგვიჯდა, რომ მაქსიმალურად, თითოეული ფერმერის ოჯახში მიგვეტანა. ეს ლევანის დამსახურებაა“,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ფესტივალის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიკა ოლსონმა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ. სტუმრებმა დადიანების სასახლის ეზოში „თხილის ფესტივალის“ ფარგლებში ორგანიზებული გამოფენა დაათვალიერეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაში – „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები – 2025“ მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაში - „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები - 2025“ (New Trends in High-Energy Physics – 2025) - მიიღეს მონაწილეობა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თანამედროვე მაღალი ენერგიების ფიზიკაში წამყვანი თემების განხილვას მიეძღვნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერები ორი პლენარული მოხსენებით წარდგნენ - პროფესორი პაატა კერვალიშვილი თემით: „ლეპტონები, როგორც შესაძლო ქუბითები კვანტური კომპიუტერებისთვის“ (Leptons as Possible Qubits for Quantum Computing) და პროფესორები თამარ ბერბერაშვილი, ვახტანგ გოგიჩაიშვილი და პაატა კერვალიშვილი ჯგუფური თემით: „სპინ-პოლარიზებული ნაკადის სასაზღვრო მნიშვნელობის ამონახსნი“ (Boundary Value Solution for Spin-Polarized Flow).სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერის - პაატა კერვალიშვილის განცხადებით, აღნიშნული სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკურ და ბირთვულ ფიზიკაში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე, მიეძღვნა მაღალი ენერგიების ფიზიკაში კონფერენციების სერიის ორგანიზატორის, ცნობილი უნგრელი მეცნიერის, პროფესორ ლასლო იენკოვსკის ხსოვნას, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გარდაიცვალა.როგორც პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს მსგავსი ფორმატის სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით შესაძლებლობა აქვთ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში მიმდინარე უახლესი კვლევები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს გააცნონ, მათთან სამომავლო კოლაბორაცია გააღრმაონ და ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევრები დააინტერესონ. მისი თქმით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მსოფლიოს 20 ქვეყნის 90-მდე მეცნიერმა მიიღო.ცნობისათვის, საერთაშორისო კონფერენციამ - „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები – 2025“ - მუშაობა დღეს დაასრულა. სამეცნიერო ფორუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში უმასპინძლა. კონფერენციის ვებგვერდი განთავსებულია ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) სერვერზე: https://indico.cern.ch/event/1501140/overview

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.უწყების ცნობით, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო მეორე მხრივ, ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ.ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, მუდმივი საბჭოს სხდომაზე ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის (აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა) მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადება კვლავ ადასტურებს ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.„განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომიდან 17 წლისთავზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაშინ როცა გაერო-ს წესდება და ეუთო-ს ჰელსინკის დასკვნითი აქტი ნათლად ადასტურებს სუვერენული უფლებების, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის დაუშვებლობას.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის განგრძობითი სამხედრო ყოფნის, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების და ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გამოხატავს მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველყოფისათვის, ერთადერთი ფორმატის მიმართ. ხაზგასმით არის აღნიშნული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ადგილზე სტაბილურობას უწყობს ხელს.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეუთო-სა და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად.განცხადების დასასრულს ხაზგასმულია ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა, რომელთა დადგენილი წესების მიხედვით ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ესკალაციის პრევენციისთვის. ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს გალში აღნიშნული მექანიზმის მუშაობის უპირობოდ განახლებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების ორგანიზაციის 55-ე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის - „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) - რიგით 55-ე საერთაშორისო კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ (The 55th Edition of EYE Conferences – ARTIFICIAL INTELIGENCE AND SUSTAINABILITY) გაიხსნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, EYE კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) ინიციატივით ტარდება, ესწრებოდნენ: ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ივან დლიუგოსის უნივერსიტეტის (Jan Długosz University in Czestochowa, პოლონეთი) ვიცე-რექტორი მარცინ სოსნოვსკი, „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტი სელია პედრო, „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტი იური სვანიძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი, EYE-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი და „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტი გიორგი მოლოდინი, ამავე კომიტეტის გენერალური მდივანი, სტუ-ის სტუდენტი ანნა გოგალაძე და სხვები.55-ე საერთაშორისო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, თბილისში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება EYE-ის აღმასრულებელმა კომისიამ მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.„დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ისტორიას ქმნის. საქართველოში პირველად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ 55-ე საერთაშორისო კონფერენციას - „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“. ის რომ ჩვენი უნივერსიტეტი შეირჩა EYE-ის აღმასრულებელი კომისიის მიერ, კენჭისყრის საფუძველზე, მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის დასტურია. ეს არჩევანი ადასტურებს, რომ თანამედროვე ინჟინერია და ტექნოლოგიური ინოვაციები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაღალი სტანდარტით ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებისა და ახალგაზრდა ინჟინრების ინოვაციური ენერგია უზრუნველყოფს ახალი იდეების და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ახალგაზრდული ხედვა და კრეატიული ნამუშევრები ქმნის გარემოს, სადაც ცოდნა რეალურად გარდაიქმნება ინოვაციად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც კონფერენციის მასპინძელი, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციური პროექტების წარსადგენად იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას. ეს პლატფორმა არა მხოლოდ ხელს უწყობს უნივერსიტეტის და სტუდენტების განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აფართოვებს საქართველოს როლს გლობალურ საინჟინრო და სამეცნიერო სივრცეში. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტმა სელია პედრომ და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტმა იური სვანიძემ.EYE კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს 100-ამდე დელეგატი - ინჟინერიის სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართველი და უცხოელი (გერმანია, იტალია, პოეტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, შვეიცარია, ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი) ახალგაზრდა მკვლევრები, ახალგაზრდა ექსპერტები და პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები: ილონა შეყილაშვილი - სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრი - თემით: „ხელოვნური ინტელექტი და განვითარება; ადეტუნჯი აიოადე - თემებით: „ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები მასშტაბირებადი, რეალური ცხოვრების გადაწყვეტილებებისთვის” და „ჭკვიანი მშენებლობის სისტემები; მარიამ კენჭაძე - „გონების თამაშები: ნეიროჩარტი კრიმინალი ციფრულ ეპოქაში“; ალექსანდერ ჩიშევიჩი - „ხელოვნური ინტელექტით მართვადი ელექტროკარდიოგრამის დიაგნოსტიკა: ღრმა სწავლება და დიდი ენობრივი მოდელები ჭკვიან ჯანდაცვაში”; გოგი გორგილაძე და ნია ფოფხაძე – სტუ-ის არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრები – „მინიმალიზმი: შეზღუდვა თუ თავისუფლების გზა“; გიორგი ფაცაცია - სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი - „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში: შესაძლებლობები, გამოწვევები და მომავალი მიმართულებები“; პოლ ჯენკინსონი - „მდგრადობა - ჩვენი თაობის გამოწვევა“; გიორგი მუშკუდიანი - სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი - „დიდი ენობრივი მოდელების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის და საოპერაციო ხარჯების შემცირება განახლებადი ენერგიის, ჰიდროენერგიისა და თხევადი გაგრილების დახმარებით; დარენ მაკდონალდი - თემებით: „ხელოვნური ინტელექტი ვეტერინარულ დიაგნოსტიკაში: პარაზიტული ინფექციების აღმოფხვრა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში“ და „ხელოვნური ინტელექტი პარაზიტოლოგიაში“; ავთანდილ ბიჩნიგაური - სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ინდიკატორების აღმოჩენა და მართვა აკადემიურ ნაშრომებში“; გიორგი ოტიაშვილი - არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრი - „ორი უბნის შედარებითი ანალიზი ვილნიუსსა და თბილისში“; ამირან ლაზარიშვილი - სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი - „მაცივარ-კონტეინერი ხილისა და კენკრის ტრანსპორტირებისთვის“; ა. კვინიკაძე - „ინტელექტის განვითარების ალტერნატიული გზები“; თინათინ იორდანიშვილი - სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი - „მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიები სამრეწველო სექტორში: გამოწვევები და შესაძლებლობები“;სტუ-ს ინფორმაციითვე, ორგანიზაციაში - „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ - საქართველოს 2024 წლიდან წარმოადგენს „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი“ (GYEC), რომელიც „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა სპეციალისტთა ორგანიზაციაა. „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ მუშაობა ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) და ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი მოლოდინი, რომელიც „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია; „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ გენერალური მდივანი კი ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ანნა გოგალაძეა.„ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (EYE) 55-ე საერთაშორისო კონფერენცია 20 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები, პანელური დისკუსიები და პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ – 19 სექტემბერს, მთავარანგელოზი მიქაელის ხსენების დღეა

19 სექტემბერს აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, რომელიც მთავარანგელოზი მიქაელის მიერ აღსრულდა ხონაში.მიქაელ მთავარანგელოზი უფლის მხედრობის წინამძღოლი და ბოროტ ძალებთან მთავარი მებრძოლია. ეკლესია მას უფლის მხედართმთავარს უწოდებს. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: "ვინ არის, ვითარცა ღმერთი"როცა სატანა უფალს აუმხედრდა, მიქაელი შეეწინააღმდეგა. ბრძანა: - "ვინ არის მსგავსი ღვთისა? არავინ, ღვთის გარდა!" გაიყო ანგელოზთა სამყარო და ერთმანეთს შეება. გაიმარჯვეს უფლის ერთგულებმა, წმინდა მთავარანგელოზის მეთაურობით. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: "ვინ არის, ვითარცა ღმერთი".ლოცვაჰოი, დიდო მთავარო ზეცისა მხედრობათაო მიქაელ! მთავართა ბნელისაითა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო, აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრე ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გვიხსნნეს და დაგვიფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოისაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მიხეილ სააკაშვილი – მე, როგორც ნეპალელი შვილის მამა, ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას და საქართველოში არანაირ პოსტრევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება

ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა იმიტომ მოჰყვა, რომ იქ ყველა, მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, საქართველოში არანაირ პოსტრევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება.„მე, როგორც ნეპალელი შვილის მამა (ჩემი ნიკუშა დროებით ნეპალში ცხოვრობს), ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას. ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა სწორედ იმიტომ მოჰყვა, რომ იქ ყველა, მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო. იგივე მიზეზს ისახავს აქ რუსული ბანდიტური სინდიკატი, რომელმაც ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს. საბედნიეროდ, მათ ეს არ გამოუვიდათ. თვითონ კი არიან ბოლომდე დისკრედიტებული, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ აჰყვნენ მათ თამაშს უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ დაიჭირეს ხაბე და სხვებიც.ამიტომ აქ, არანაირ პოსტრევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება. ჩვენ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად დემოკრატიის აღსადგენად და ყველანაირი პროვოკაციის გამოსარიცხად, მას შემდეგ რაც ქოცები მოშორდებიან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები