ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

გიორგი გახარია – კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, მსგავსი რამ მოხდა ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში და ამიტომ ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, გამოვცხადდე კომისიის სხდომაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, მასთან ერთად, უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი  და „გავრილოვის ჩამომყვანი ადამიანი“, ასევე, გენერალური პროკურორი და სუს-ის ხელმძღვანელი.

„მიმაჩნია, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ივანიშვილი. ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი.

ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა. მე ვთვლი, რომ უნდა გამოჰკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს. სტრასბურგმა სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. აუცილებლად უნდა გამოჰკითხოთ სუს-ის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებისთვის. არ ვიცი, თქვენ ამას გააკეთებთ თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია, შესაბამისად, ტყუილი სიმართლე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ 20 ივნისს ამ შენობაში იცავდა სახელმწიფოს და არა პარტიას ან ცალკე აღებულ ადამიანებს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნისს, მე ამ შენობაში  ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკე აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს  ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იყო იდიოტური შეცდომა, მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ, რადგან ის პროცესები, რომლებიც შემდგომ მოხდა 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს და ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ, ქალბატონო თავმჯდომარევ. გაგახსენებთ და მეც სულ ახლახან გამახსენდა, რომ სწორედ იმ ღამეს თქვენ, როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებდით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, „ნაცების“ ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და თვლიდით, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა, თუმცა, მაშინაც, 21 წლის 18 თებერვალს, როგორც ჩანს, უჩინარი კაცი ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი. ზუსტად ერთ საათში, თითოეული თქვენგანი, ყველა გაქრა. მე დღეს მაქვს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია, რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. რაც შეეხება 20 ივნისს, 20 ივნისთან დაკავშირებით მე ორჯერ მაქვს მიცემული ჩვენება საქართველოს პროკურატურაში. ჩემს ჩვენებებს ასე არ ვცვლი. თქვენ გქონდათ ამის უფლება და იმედი  მაქვს, გამოთხოვილი გაქვთ მასალები და ნანახი გაქვთ ჩემი დაკითხვა, გაცემული პასუხები. იმედი მაქვს, დღეს ამ სხდომისთვის მოემზადეთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებდა, თუმცა ფიქრობს, რომ ხდება კომისიის გამოყენება ჰიბრიდული ომისთვის, მსგავსი რამ მოხდა ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტშიც და ამიტომ ჩათვალა, სხდომაზე გამოცხადებულიყო.

„გულწრფელად გეუბნებით, ქალბატონო თეა, დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. ფაქტია, თქვენ არ გაინტერესებთ, ვინ გასცა ბრძანება პარლამენტის შტურმის შესახებ. კომისიის მუშაობას რასაც თვალს ვადევნებ, სხვა საქმეებშიც მთავარ ფიგურანტებს, „ნაცების“ წარმომადგენლებს უბრალოდ არ ეძახით, თქვენ არ აპირებთ „ნაცების“ გასამართლებას ან აკრძალვას. არ ვიცი, რას აპირებთ. ამიტომ, მე ამის კონტექსტს ვერ ვხედავდი. ვხედავ, რომ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საქართველოს მოქალაქეებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის. მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურების კონტექსტში. გულწრფელად ვამბობ, მაშინ ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს, რომ კომისიას ვაღიარებ. ამ კომისიას რომ ვაღიარებდე, აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლებიც იქნებოდნენ. მე ვაღიარებ იმას, რომ, სამწუხაროდ, მუშაობს ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე. მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, რათა ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა მოხდა შარდენის 10 ნომერში – ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შარდენის 10 ნომერში მდებარე ღამის კლუბი, გამთენიისას სპეცოპერაციის ეპიცენტრი გახდა. გასართობი ობიექტიდან სამართალდამცველებმა 6 პირი ხელბორკილებით გამოიყვანეს.სომხეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს თაღლითობის მცდელობა ედებათ ბრალად. ექვსივე პირი ღამის კლუბის პერსონალია და პოლიციამ ისინი დანაშაულის ფაქტზე დააკავა. ჯგუფის წევრები კლიენტებს რეალურზე მეტის გადახდას სთხოვდნენ.„კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს ღამის კლუბის მეპატრონე, თეკლე ახალაძე ხელმძღვანელობდა. ის რუსეთის მოქალაქეა. 30 წლის ქალი პერსონალთან ერთად მოქმედებდა. კლიენტებთან მიმტანებს გაყალბებული ქვითრები მიჰქონდათ. უკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეში უკვე სხვა თანამშრომლები ერეოდნენ და სტუმრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.გეგმის სისრულეში მოყვანა 6 კაციანმა ჯგუფმა ვერ მოასწრო. ირკვევა რომ კლუბში მისული სტუმრები, არარეალურად გაზრდილი თანხის გადახდაზე უარს ამბობდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, თაღლითურ სქემას, 10-მდე დაზარალებული ჰყავს. ისინი სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს.დაკავებულები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან. .ღამის კლუბის მეპატრონე ბრალს არ აღიარებს. თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ სხვა დაკავებულებიც.შარდენის 10 ნომერში, ამ ღამის კლუბში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავების ღონისძიება სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით ჩაატარეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-ვე პირს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ისტორიაში პირველად, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს 🇬🇪

ჩემპიონთა ლიგის 1/4- ფინალის განმეორებით მატჩში „ვილა პარკზე“ „ასტონ ვილამ“ და „პსჟ“ 3:2 დაამარცხა. თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.პირველ შეხვედრაში პარიზელებმა 3:1 იმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში 4:5 დაფიქსირდა.ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე მოქმედება არ ჰქონია, თუმცა დაცვაში ბევრი იმუშავა.გამოცემა Sofascore-ი ქართველი ვინგერის თამაშს 6,6 ქულით აფასებს.

ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის გაგრძელების საკითხს მხარს არ დაუჭერს

რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ არ მისცემს ხმას მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის გაგრძელებას.„ამჟამად ჩვენი სამხედროები, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას ოკუპანტებისგან, ყველაზე ნაკლებად არიან დაცული ამავე ქვეყნის მიერ. ფაქტობრივად, ისინი მონობაში იმყოფებიან“, – აღნიშნა გონჩარენკომ.მეორე მიზეზი, რის გამოც გონჩარენკოს თქმით, არ აპირებს, რომ ხმა მისცეს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას, არის ის, რომ ადამიანებს კვლავ იჭერენ ქუჩაში და ახდენენ მათ მობილიზაციას.გონჩარენკოს განცხადებას უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადაში კენჭისყრის დროს „პუტინის კასტინგი“ ჩატარდება.„პუტინის კასტინგის საბოლოო შედეგები რადაში უკვე ხვალ იქნება ნაჩვენები, მათ შორის, ვინც საომარი მდგომარეობის გაგრძელების წინააღმდეგ მისცემს ხმას“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტები ითვალისწინებს უკრაინაში საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას კიდევ 90 დღით. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს იქნება მე-15 კენჭისყრა საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გასაგრძელებლად.

ანა ბუჩუკური: ჰოი საოცრებავ! 24 საათია ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი, მათი მთელი აქტივი ისეთი მონდომებით მუშაობს გახარიას “გასაშავებლად”,მე პირადად თქვენი სახის დაკარგვაც მომწონს, პრინციპში,...

"ეს ხდება მარტივი მიზეზით - ოცნებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ოპოზიციაში მხოლოდ გახარიას აქვს "წვდომა" ოცნების ამომრჩეველზე... ოცნებამ ეს კომისია რომ სერიოზულად წააგო, მინიმუმ იმით დასტურდება, რომ მისმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ამ დრომდე 6 საათიანი პროცესიდან ვერაფერი, ვიმეორებ ვერაფერი გამოიყენა სათავისოდ. მაგრამ (!), ჰოი საოცრებავ! 24 საათია ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი, მათი მთელი აქტივი ისეთი მონდომებით მუშაობს გახარიას "გასაშავებლად", ასეთი მონდომებით ნეტა ივანიშვილის წინააღმდეგ იმუშავებდნენ... მე ახლა სპეციალურად არ ვასახელებ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. ალუდაღუდუშაურებს ოპოზიციაში მარტივად ამოიცნობს ამომრჩეველი.ძვირფასებო, როცა რაღაც თქვენ არ გამოგდით, ან არ შეგიძლიათ, კი არ უნდა გაბოროტდეთ, არამედ გააკეთოთ ის, რაც გამოგდით, ან ჯობია, არაფერი გააკეთოთ. ნუ, მე პირადად თქვენი სახის დაკარგვაც მომწონს, პრინციპში, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს მაინც ეცით პატივი-ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის"ლიდერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს

იაგო ხვიჩია: თუ რუსული რეჟიმი გვაქვს – როგორ აქვს „თიბისის“ მილიარდიანი მოგება, სადაც 20% ხაზარაძე/ჯაფარიძისაა? მისი ამდენი მშენებლობა რომ მიდის წარმატებით, ამდენი მაღაზია რომ...

წინა არჩევნების დროს ხომ არავინ გაარჩია, საიდან მოაქვს გვარამიას ფული, ამაზე ხომ საერთოდ არავინ ლაპარაკობდა? - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.„ხვიჩიას თქმით, ხაზარაძე და ჯაფარიძე ასეულობით მილიონს შოულობენ და პარალელურად, პოლიტიკაში უაზროდ ხარჯავენ, ასევე ახდენენ ტელევიზიების პარალიზებას და ჟურნალისტებს პროფესიასაც ართმევენ. „ისევე როგორც კითხვები უნდა დაისვას, მაგალითად, „ლელო“ რომ პარალელურად ასეულობით მილიონს შოულობს, „თიბისის“ რომ მილიარდ სამას მილიონიანი მოგება აქვს და 20%-იანი წილი რომ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აქვს აქედან, ამდენი მშენებლობები რომ მიდის წარმატებით, მისი ამდენი მაღაზია რომ ფუნქციონირებს წარმატებით, როგორ? თუ ბიძინა ასეთია, თუ ჩვენ რუსული რეჟიმი გვაქვს, როგორ შოულობს ვიღაც ადამიანი ასეულობით მილიონებს ამ ქვეყანაში და როგორ ხარჯავს უაზროდ პოლიტიკაში, რომ არასდროს არაფერი გამოვიდეს, როგორ აჩერებს ტელევიზიებს და როგორ აპარალიზებს ტელევიზიებს, როგორ გართმევთ თქვენ პროფესიას, როგორც „ტვ პირველში“ ხომ ყველა ჟურნალისტს პროფესია წაართვა ხაზარაძემ სინამდვილეში,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები