საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29-30 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.
მთავრობის მეთაურის რანგში, ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
29 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლისთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელთან ასევე ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი იმყოფებიან.