თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და მას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
დაცვის მხარე ითხოვდა, გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ ყოფილიყო გამოყენებული. ადვოკატ ბერდია სიჭინავას განცხადებით, გახარიას მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი თქმით, „ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით“.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ და აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობას, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში 12 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ცნობილია, გიორგი გახარიას წინააღმდეგ არსებულ კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს.

