ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

გიორგი გაბუნია – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“ – სადამდეც შევძლებთ, ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად და არალეგიტიმური ხელისუფლების მოსაცილებლად, როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ, სასტიკად აწამებენ, ძარცვავენ, უკანონოდ აკავებენ, ასამართლებენ და ციხეებში ყრიან, და როდესაც ამ მოვლენების წინა ხაზზე მდგომი ჟურნალისტები მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები არიან (რამდენიმე მათგანი შემთხვევით გადაურჩა სამუდამო დასახიჩრებას ან სიკვდილს), აი, ამ დროს „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად, თვითონაც ჩაერთოს „ქართული ოცნებისგან“ წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს – იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებაში დამფუძნებელი, პირიქით, ყველაფერს აკეთებდეს თავისი გუნდის დასახმარებლად.

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით – რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად, თორემ სხვა მხრივ გოგი ქურდაძეს არ გააჩნია ტელევიზიის სპეციფიკასთან დაკავშირებული არანაირი კომპეტენცია, არც კი იცნობს არხის თანამშრომლებს, აიგნორებს მათ თხოვნას, რომ, უბრალოდ, შეხვდეს მაინც მათ! და საერთოდ არც კი დადის სამსახურში.

ერთადერთი, რასაც გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით აკეთებს, არის ის, რომ ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. მაგალითად, ჩვენს თანამშრომლებს მისი წყალობით შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს, მაგრამ ოქუაშვილს და ქურდაძეს ეს არ აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი – როგორც დამფუძნებელი და დირექტორი – პასუხისმგებელნი არიან კომპანიის თანამშრომლებზე.

ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და მისი დირექტორის ქმედებებით „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელნელა წყდება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის – ეს კი ზუსტად ის არის, რაც დღეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს.

თავისი გადაწყვეტილებების გასამართლებლად ოქუაშვილი გვიყენებს ისეთ აბსურდულ, გამოგონილ ბრალდებებს, რომლებსაც განხილვის ღირსადაც კი არ ვთვლი აქ – იმდენად შორს წავიდნენ თავიანთ სიცრუეში, რომ ამტკიცებენ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვმფარველობს და ოლიგარქთან ვართ გარიგებული. თან ამას, თურმე, თვითონ ვეუბნებით ხოლმე ქურდაძეს…

სინამდვილეში, ყველაფერი ნათელია და ზუსტად პირიქით არის – თუ დღეს ვინმე „მთავარ არხზე“ აკეთებს „ქართული ოცნების“ საქმეს, ეს არის ზაზა ოქუაშვილი, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყავს არხი დახურვამდე. და არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამას სწორედ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ან მასთან სავაჭროდ აკეთებს – როგორც, ალბათ, იცით, ოქუაშვილს აქვს მძიმე სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილთან, რაც კი არ გამორიცხავს მათ შორის თანამშრომლობას, არამედ პირიქით – სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება „მთავარი არხით“ მანიპულირება.

„ქართულ ოცნებასთან“ გარიგება ოქუაშვილის მხრიდან სიახლე არ არის – შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი ოჯახის წევრებმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა მისცეს ხმა „ოცნებისთვის“ სასურველ იუსტიციის საბჭოს წევრებს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აკლდებოდა საკუთარი ხმები ამ კანდიდატების გასაყვანად და აუცილებლად სჭირდებოდა რამდენიმე ოპოზიციური ხმაც. მაშინ მაშველ რგოლად სწორედ ოქუაშვილის ოჯახის წევრები გამოჩნდნენ.

ჩვენ არ გვიბრძოლია ამდენი იმისთვის, რომ, საბოლოოდ, არხი – ზაზა ოქუაშვილის სახით – ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში. ამიტომ სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის.

მთავარი ხართ თქვენ და ჩვენთვის მთავარია, ბოლო წუთამდე ვიდგეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილებში და მოგიყვეთ, რა ხდება იქ, სადაც წყდება საქართველოს ბედი და ვერანაირი გოგი, ვერანაირი ზაზა და ვერც პუტინის მეგობარი ბიძინა ვერ შეგვაჩერებს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯგუფი “ფორტე”- მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ-ისე, მავანის გასაგონად, იმ ავად სახსენებელ წლებში ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის...

“მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ) ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ”,- ამის შესახებ ჯგუფი “ფორტეს” ფეისბუქ სტატუსშია აღნიშნული. “ფილმ ,,დაკარგულ სამოთხე”-ში არის ასეთი მომენტი — ლაზარია ამბობს თავის თვითმარქვია და მატყუარა ბატონზე,, უწმინდური იყო და მატყუებდა, წმინდანი გახდა და მაინც მატყუებსო”. ცოტა რომ გადავათამაშოთ: მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ )ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ…… P.S. ისე მავანის გასაგონად, იმ ავად სახსენებელ წლებში, ბულინგი რომ ბულინგობდა და სიცოცხლისთვის საშიში იყო საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაშინ ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს მათ ბულინგს ჩვენთვის…”- წერს ”ფორტე”.

სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა იურისტთა ჯგუფი, რომელსაც ეკა ბესელია გაუწევს კოორდინაციას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა იურისტთა ჯგუფი, რომელსაც ეკა ბესელიას მიერ დაფუძნებული „მართლმსაჯულების სახლი“ გაუწევს კოორდინაციას. როგორც ზურაბიშვილმა ჯგუფის წარდგენისას განაცხადა, ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი დაიცავენ მოქალაქეებს და მისცემენ მათ სამართლებრივ რჩევებს. ზურაბიშვილის თქმით, იმუშავებს ცხელი ხაზიც. „ეს ჯგუფი არის ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი, რომლებიც შეიკრიბნენ, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები. ამისთვის მგონი ცხელი ხაზიც იქნება, თუ არის უკვე და შემდეგ მათ გაუწიონ ყველა ის დახმარება, რაც სჭირდებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის ძალიან დიდი, მე ვიტყოდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს, რაც ხდება. ეს არის ის, რაც ქმნის საზოგადოებას. ჩვენ თვალწინ სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული თავისუფალი საზოგადოება. მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, არამედ ეს არის ჩვენი იმედის წყარო, რადგან ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერასოდეს ვერც ერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება, ვერ მოუგებს. შემართებული ადამიანებით ჩამოყალიბებული საზოგადოება ეს არის ის, რაც ყოველთვის ყველაფერზე გაიმარჯვებს. მინდა, ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ ეს ჩვენგან მართლაც დიდ მადლიერებას იწვევს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან, კიდევ უფრო დაცული იყვნენ.  გვინდა, ისინი რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ ციხიდან. მე ამაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან, რადგან სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება. ვიდრე ეს არ მომხდარა, მანამდე თქვენი საქმეა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, ბრიფინგზე იმყოფებოდა „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი ეკა ბესელიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ჯგუფს კოორდინაციას გაუწევს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა­ და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია - „წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და პედაგოგი“ - გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მეუფე ანანია (ჯაფარიძე), ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი), სასულერო პირები, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების თეოლოგიის მიმართულების მკვლევრები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა და ერის სულიერი მამის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს - მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეს საფუძველი ჩაუყარეს და თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრი დააარსეს. რექტორმა ყურადღება გაამახვილა წმინდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, შეეხო მის კვლევით წიაღსვლებს, რაც მეცნიერებისა და სარწმუნოების ტოლერანტული თანაარსებობის ბრწყინვალე დადასტურებაა. „ჩვენს დღევანდელ, ტურბულენტურ სამყაროში, რაც ერთნაირად ეხება ყველა ერსა და ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ქართული საზოგადოება ინარჩუნებს ტოლერანტობას, პატივს სცემს ყველა აღმსარებლობას, თუმცა ჩვენთვის უპირველესი მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელსაც უკვე 47 წელია სათავეში უდგას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ძნელბედობა მუდამ თან სდევს ჩვენს ქვეყანას - უხსოვარი წარსულიდან დღემდე, საქართველოს უახლესი ისტორიაც ხომ ამის ნათელი დადასტურებაა. განსაცდელის ჟამს ჩვენი პატრიარქი ერის, საქართველოს მომავალი თაობის გვერდით იდგა მუდამ - უდიდესი სიყვარულით, მოყვასისადმი თანაგრძნობის უსათუთესი გრძნობით, თავისი მოწინავე სამეცნიერო მსოფლმხედველობითა და განუზომელი სულიერებით. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1977 წლის 25 დეკემბერიდან მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში სრულიად ახალი ხანა დაიწყო. პატრიარქის პირველ წლებს განსაკუთრებით ამძიმებდა საბჭოთა რეპრესიების გამო ჩარაზული ეკლესია-მონასტრებისა თუ მკვეთრად შემცირებული მრევლის არსებობა. ეს იყო უმძიმესი წლები, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ, ერის სულიერი მამის ლოცვა-კურთხევით, გაუძლო და გაძლიერდა. კონფერენცია, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრების 47-ე წლისთავს უძღვნის, თავისი თემატიკით - „წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე - საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და პედაგოგი” - მრავალმხრივ ეხმიანება ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. გაბრიელ ქიქოძე, რომელიც თავდადებით იღწვოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და რომელიც თავისი სამეცნიერო წიაღსვლებით მეცნიერებისა და სარწმუნოების სრულფასოვანი თანაარსებობის აუცილებლობას ქადაგებდა, წმინდა სინოდმა სწორედ ილია მეორის წინამძღოლობით, 1995 წელს შერაცხა წმინდანად. გაბრიელ ქიქოძის დაწყებული საქმის ხორცშესხმა კი - ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარება - უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შესძლო. დიდი ილია ჭავჭავაძე სარწმუნოების გამეცნიერებისა და მეცნიერების გასარწმუნოების აუცილებლობაზე მიუთითებდა. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დღესაც აქტუალურია, უნივერსიტეტებმა უნდა იტვირთონ. ვფიქრობთ, კონფერენცია ამ თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. მომავალმა თაობამ სიღრმისეულად უნდა შეიმეცნოს ღვთისა და სამშობლოს მსახურებით, ასევე, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხით გამორჩეული ამ განსაკუთრებული მამულიშვილების - წმინდა გაბრიელ ქიქოძისა და ილია მეორის ღვაწლი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გულითადად ვულოცავთ აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და დღეგრძელობასა და მზეგრძელობას ვუსურვებთ”, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ. კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, მეუფე ანანიამ, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ომარ გოგიაშვილნმა, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, შინდისის წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტრის სულიერმა მოძღვარმა, პოეტმა, ფილოსოფოსმა და პედაგოგმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძე). გამომსვლელებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტსა და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მრავალმხრივ საინტერესო კონფერენციისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მეორე ნაწილი წმინდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მოღვაწეობის შესახებ სამეცნიერო ნაშრომებს დაეთმო. მოხსენებებით ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ბესიკ ბოგველი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ლია მეტრეველი, ნანა ბოკუჩავა, ირმა ხურცია, სტუ-ის ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე და სხვა მკვლევრები წარსდგნენ.

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს წლების განმავლობაში ურთიერთშორის სხვადასხვა რანგში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მზაობა გამოთქვეს იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების თაობაზე. შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, განსაკუთრებით, სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რაც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა ქცევის კორექციას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მათი შემდგომი ინტეგრაციისთვის. მხარეები შეთანხმდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ‒ ბექა ძამაშვილი, ნიკო თათულაშვილი

ზურაბ ქადაგიძე რუსეთში ექსპორტ-იმპორტის განმახორციელებელ ქართულ ბიზნესზე: რა განსხვავებაა ხოშტარიასა და ე.წ. მეამბოხე ბიზნესმენებს შორის? არანაირი, ერთი ხელით ვითომ ყველაფერ რუსულს ებრძვიან და მეორით,...

"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ცნობილი ხდება რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის განმახორციელებელი იმ ქართული კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც პარალელურად საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, სოციალურ ქსელში აფასებს და მათ "80-იანი წლების სპეკულანტებს" უწოდებს. ქადაგიძის თქმით, ე.წ. მეამბოხე ბიზნესსა და ელენე ხოშტარიას შორის განსხვავება არ არსებობს, ვინაიდან, ისინი ერთი მხრივ წარმოაჩენენ, თითქოს, ყველაფერ რუსულს ებრძვიან, მეორე მხრივ კი, "კისრამდე არიან ჩაფლული რუბლებში." "80-იანი წლების "სპეკულანტები" არიან, არაფერი აქვთ საერთო, პატიოსან ბიზნესთან. ამათაც ისე არ ეცოდინებათ, საკუთარი პროდუქცია, როგორ მოხვდა რუსულ ბაზარზე, როგორც ჭყონიას. რუსულ ბაზარზე, რომ პროდუქცია შეიტანო, მინიმუმ ორი(განსაკუთრებული) აუცილებელი დოკუმენტია საჭირო : 1• წარმომავლობის დამადასტურებელი. 2 • ხარისხის დამადასტურებელი. ორივე დოკუმენტს ადგილზე, საწარმო გასცემს. ანუ - როგორც ჩვენებურმა ელტონ ჯონმა არ იცის, საიდან მოხვდა ქართული "კოკა-კოლა" რუსულ ბაზარზე, ისე არ იციან სხვა დანარჩენებმაც! რა განსხვავებაა ლяკა ხოშტარიასა და ე.წ. მეამბოხე ბიზნესმენებს შორის? არანაირი - ერთი ხელით ვითომ ყველაფერ რუსულს ებრძვიან და მეორით, კისრამდე არიან ჩაფლულები რუბლებში. მოკლედ, ვანო მერაბიშვილის თქმისა არ იყოს, ფულს სუნი არ უდისო, მაგრამ სინდისი, როცა გიყროლდება, იმას არაფერი შველის!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ბოლო სიახლეები