ყველა პროდასავლური პარტია, მათ შორის სამოქალაქო ჯგუფები ერთიანი არიან ორ მთავარ მოთხოვნაში: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ასევე სალომე ზურაბიშვილის ქარტია, რომელზეც მიღწეულია შეთანხმება და დოკუმენტი ხელმოწერილია, როგორი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ძლიერი, დემოკრატიული და ევროპული ალტერნატივა.
„შეთანხმების ნაწილია, რომ ოპოზიციამ საერთო კანდიდატები და სია წარადგინოს, ამის ირგვლივაც კონსულტაციები არსებობს, ზურას გამოსვლიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ძლიერდება. დღეს ოპოზიციურ სპექტრში, მათ შორის სამოქალაქო სექტორში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, თამაშის წესებზე შევთანხმდეთ და ამ თამაშის წესებს ხელი მოვაწეროთ. თამაშის წესები შეიძლება, იყოს, ერთიანი სია იქნება, პრემიერობის საერთო კანდიდატი, სამართლიანი არჩევნები რა კრიტერიუმებით შეიძლება, იყოს, ჩატარებული, „ქართული ოცნების“ მხრიდან მათი დანიშვნის შემთხვევაში. არის რიგი საკითხები, რომელზე შეთანხმებაც უკვე არსებობს, მაგრამ საჭიროა შეთანხმების დოკუმენტი, სადაც ეწერება თამაშის წესები“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ქარტიაში“ გაწერილია სტრატეგია.
„ქართულ ქარტიაში“ გაწერილია სტრატეგია, მაგრამ ჩვენ არ შევთანხმებულვართ თამაშის წესებზე, როგორ ვკორდინირდებით სხვადასხვა ჯგუფების გარშემო. ვის რა როლი აქვს, ვის რა წარმომადგენლობა აქვს და ვინ როგორ წარმოადგენს წინააღმდეგობას ქვეყნის შიგნით და გარეთ. ერთიანობას ყველა პარტიასთან განვიხილავთ. ჩვენ ვართ დიდ წინააღმდეგობაში. ეს არ არის ბრძოლა არჩევნების ინდივიდუალური პარტიული სიებისთვის, ეს არის ერთი დიდი წინააღმდეგობა, სადაც ნებისმიერი ქართველი, ვინც ერთი წლის მანძილზე ქუჩაში იყო, ვერავის ვერ ავუკრძალავთ ბრძოლას და ვერ ვეტყვით, რომ წინააღმდეგობის ნაწილს არ წარმოადგენს“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გარშემო არცერთი ოპოზიციური სპექტრი არ ერთიანდება.
„ოპოზიციური სპექტრი არავის გარშემო არ ერთიანდება, ჩვენ ვერთიანდებით იდეის და თამაშის წესების გარშემო. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი მნიშვნელოვანი როლი საგარეო ველზე, ვინაიდან რეზოლუციების დონეზე ის აღიარებულია, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, შესაბამისად ქვეყანას საგარეო ველზე წარმოადგენს“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

