ძირითადი განხეთქილება გამოიწვია სიცხადის დაკარგვამ. ჩვენ გვინდა სიცხადე და ეს სიცხადე შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ცხადად უნდა ვუთხრათ ამომრჩევლებს, რომ ჩვენ, გაერთიანებულად, ვინც სალომე ზურაბიშვილის გარშემო არის და პროდასავლურ ძალად მოიაზრებს თავს, ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. გუშინდელი აქცია სწორედ ამიტომ ვერ შედგა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
„პროცესი ჩავარდა და ჩავარდა სწორედ ამიტომ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი არ აცხადებს იმას, რაც ჩვენი მოთხოვნაა, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების მშობლების, თუ პარტიები არ აწერენ დეკლარაციას ხელს, მაშინ რას ვაცხადებთ?“, – აღნიშნა ბუტიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, წინააღმდეგობის პლატფორმა გაგრძელდება.
„ჩვენ ამ პროცესში მაინც მოგვიწევს მონაწილეობა დღეს თუ არა ხვალ, უბრალოდ, ხვალ მოგვიწევს მეტად განიარაღებულებს მონაწილეობა, რადგან პროცესი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო, არ დასრულდება, გაგრძელდება და კიდევ უფრო ეყოლება მსხვერპლი. ვიდრე ძლიერები ვართ, ვიდრე შეგვიძლია და ბევრნი ვართ, მაშინ უნდა გავაგრძელოთ ეს ამბავი, თორემ ზეგ მაინც მოგვიწევს ამის გაკეთება, უბრალოდ, ძალიან ცოტანი ვიქნებით, უფრო მეტი დაჭერილი, უფრო მეტი ნაცემი იქნება, უფრო მეტი გაქცეული იქნება და უფრო ნაკლები მედია იქნება, ვინც ამას გააშუქებს“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“.
ბუტიკაშვილის თქმით, არსებობს ბუნდოვანი საკითხები, მათ შორის, გახარიას პარტიის პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
„გახარიას ღია პოზიცია ჰქონდა, რომ ამ თემაზე საერთოდ არ უნდათ საუბარი და პოზიციის დაფიქსირება. მათი პოზიციაა, „ამ მოცემულობით არ ვაპირებთ“, მაგრამ თუ პოლიტიკური მდგენელი შეიცვლება, მერე იფიქრებენ. ოღონდ, არასდროს ამბობენ, რა არის პოლიტიკური მდგენელი. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი ინიციატივა, რომ დეკლარაციაში ჩაწერილიყო სიცხადე, რადგან ხალხს სჭირდება ამდენ ტყუილში სიცხადე“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.