ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025

გიორგი ბარამიძე – ზურაბიშვილის ახალი პლატფორმა ახალი ნამდვილად არაა, სახელის გარდა, ზურაბიშვილს უნდოდა, ყველა პარტიის ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან სწორი ნაბიჯები არ ან ვერ გადადგა

დიდი ვნებათაღელვაა, სალომე ზურაბიშვილის ახალ პლატფორმაზე ენმ-ს რა პოზიცია აქვს? ზურაბიშვილის ახალი პლატფორმა ახალი ნამდვილად არაა, სახელის გარდა. დრომ კარგად დაგვანახა, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდოდა, ყველა დემოკრატიული პარტიის ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა, რადგან ამისთვის სწორი ნაბიჯები არ ან ვერ გადადგა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც თანამებრძოლად აღიქვა და არც ამ პარტიის გუნდისადმი პატივისცემა გამოუვლენია.

„როცა გინდა, იყო ადამიანების (ან პოლიტიკური ძალების) ლიდერი, აუცილებელი პირობაა, იყო ჯერ (პირველ რიგში) ამ ადამიანების თანამებრძოლი. თანამებრძოლობა გულისხმობს ერთმანეთის პატივისცემას. ყველამ დავინახეთ, რომ ქალბატონმა სალომემ ენმ არც თანამებრძოლად აღიქვა და არც ჩვენი გუნდისადმი პატივისცემა გამოუვლენია. მეტიც, ენმ-ს დამფუძნებელი და უალტერნატივო ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაც კი არასდროს მოუხსენებია. არაფერს ვამბობ, რომ თავის დროზე, ქალბატონ პრეზიდენტს შეეძლო, გამოეყენებია მის ხელში (კომპეტენციაში) არსებული ბერკეტი და იგი პუტინის მძევლობიდან გაეთავისუფლებია – გამოიყენებდა რა შეწყალების მექანიზმს.

ეს მაინც რომ გაეკეთებინა, ივანიშვილის მონა მოსამართლე ვერ გამოიყენებდა სასჯელების შეკრებითობის პრინციპს და მიშას 12.5 წელს ვერ მიუსჯიდა. ამიტომ საუბარი, რომ „მერე რა, რომ არ შეიწყალა“, აზრსმოკლებულია.

ამის მიუხედავად, ჩვენი ემოციები თუ უთანხმოება გადავდეთ უკანა პლანზე და ქალბატონი ზურაბიშვილის პლატფორმის ყველა შეხვედრასა თუ კონსულტაციაში მივიღეთ მონაწილეობა. უდავოა, ქალბატონ ზურაბიშვილს ჰყავს მისი მხარდამჭერები და მიმდევრები.

იგი, მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში, მისი პარტიის შექმნაზეც საუბრობდა. ჩვენ პატივს ვცემთ მის მომხრეებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მათი ლიდერი უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი. ისევე, როგორც ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ადამიანს, თუ პოლიტიკურ ლიდერს, ვინც ოდნავ მაინც, რეალურად, რამეს გააკეთებს, რუსული, მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის დასამარცხებლად. ამიტომ ჩვენ ამ პატივისცემისა და ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ვითანამშრომლებთ ყველა ამგვარ პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან. ასევე ერთგული ვრჩებით, ჩვენ მიერ ხელმოწერილი „ქართული ქარტიის“ პრინციპებისა.

ამავდროულად, ყველას მინდა გავახსენო, რომ რეჟიმთან ბრძოლის კუთხით, ჩვენი ხედვა და მიზნები, დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბა და გააჟღერა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენი მიზანია ყველა დემოკრატიული, პატრიოტული ძალის ერთიანობა.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ბრძოლით გაცილებით მეტს და სწრაფად მივაღწევთ. ერთიანობას ითხოვს ჩვენი საზოგადოებაც. ერთიანობა რომ ჩვენი ბრძოლის მთავარი გზა არის, ამის გამო (გაგახსენებთ) ენმ-ს ოფიციალური, იურიდიული სახელიც კი შევუცვალეთ და მას ახლა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, – წერს გიორგი ბარამიძე.

ამასთან, გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, არც არჩევნებამდე და ვერც მის შემდეგ, დღემდე ძირითადი პოლიტიკური პარტიების ერთიანობა ვერ მოხერხდა.

„ვერ შეძლო ეს ვერც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესმა. უფრო მეტიც, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ახლახან განაცხადა, თურმე „ერთიანობის იდეა შემოგდებულიაო“. ცხადია, ასეთი დამოკიდებულებით, იგი ოპოზიციის ერთიანობაზე არც და ვერც იმუშავებდა. შედეგიც სახეზეა.

დაიკარგა ძალიან დიდი და ძვირფასი დრო. ქართველი ხალხის პროტესტს სანუკვარი შედეგი ჯერ არ მოუტანია. ჩვენი საზოგადოება გაწბილებულია და სამართლიანად საყვედურობს ყველა ოპოზიციურ პარტიასა, თუ ლიდერს. მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ჩვენი საზოგადოების ძალისხმევას მნიშვნელობა არ ქონდა და გარკვეული შედეგები არ მოუტანია. სწორედ ხალხის პროტესტის დამსახურებაა, რომ ივანიშვილის მოღალატეთა ბანდა მსოფლიოში ნორმალურმა არავინ აღიარა, მის ე.წ. პარლამენტში არავინ შევიდა, საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა რეჟიმს სანქციები დაუწესეს და სხვა.

ასე რომ, არც უიმედობას უნდა მივეცეთ, არც ის ვთქვათ, რომ არაფერი გამოვა, ან ბრძოლას აზრი არ აქვს. აქვს და შედეგი აუცილებლად მოვა და საერთო გამარჯვებას, მჯერა, აუცილებლად მივაღწევთ.

ყველა დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, ენმ გააგრძელებს საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლას. ასევე ჩვენი გუნდი, ქვეყნის ყველა ჯანსაღ, პატრიოტულ ძალასთან აუცილებლად ითანამშრომლებს.

ამავდროულად, მოღალატეთა რეჟიმის მხრიდან, ენმ დევნისა და გაუქმების მცდელობის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ პარტიის რეფორმირებასა და გაძლიერებას.

ენმ არის იდეა. ენმ არის ჩვენი ხალხი, ვინც ამ იდეის გარშემო მიშამ გააერთიანა. ენმ იდეა არის გამთლიანებული, ძლიერი, დემოკრატიული, განვითარებული, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფოს აშენება, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.

არა მოღალატე კრიმინალთა რეჟიმს! თავისუფლება მიშას და ივანიშვილის ბანდის ყველა სხვა პოლიტიკურ პატიმარს! დიდება საქართველოს!, – წერს გიორგი ბარამიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️„ფრთხილად, თაღლითები! გააზიარეთ, რომ ყველამ გაიგოს! არავითარ შემთხვევაში, არ უკარნახოთ…“ – გაფრთხილება სოცქსელის მომხმარებლებს

ბლოგერი და ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომლითაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

იმ წლებში, როცა თითქოს კრიმინალურ სამყაროს ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმი, სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით საპატიმროებში ტერორს ახორციელებდა – სოზარ სუბარი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმროებში პატიმართა რაოდენობასა და იქ არსებულ პირობებზე ისაუბრა.მისივე თქმით, მაშინ როცა იმდროინდელი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული კრიმინალურ სამყაროსთან, პატიმრებზე ტერორი სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდებოდა.„იმ წლებში, როცა იმდროინდელი ხელისუფლება თითქოს ებრძოდა „კრიმინალურ სამყაროს“, სწორედ მათი ხელით ტერორს ახორციელებდა სხვა პატიმრებზე.2004 წლის დასაწყისში იყო 6 ათასი პატიმარი. რამდენიმე წელიწადში კი, პატიმართა რაოდენობამ გადააჭარბა 24 ათასს, ანუ პატიმართა რაოდენობა რამდენიმე წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა. მაგალითად, მეხუთე საპყრობილეში იყო საკნები, სადაც 18 ან 20 საწოლი იდგა და 120-125 პატიმარი ჰყავდათ შესახლებული. ამ საკანში იყო ღია საპირფარეშო, არ იყო განიავების და დაბანის საშუალება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.მან აღნიშნული რეპლიკა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯემალ წიკლაურმა ე.წ. „შავი სამყაროს“ წარმომადგენლების მხრიდან მასზე ზეწოლაზე ისაუბრა. ჯემალ წიკლაურმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საკნის ე.წ. „მაყურებლები“ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ ხელი მოეწერა სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემაზე.„მაგარ ბიჭებს“ რომ ვეძახით, ზოგი საკნის მაყურებელი იყო, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე, რომ როგორმე მომეწერა ხელი იმ დოკუმენტზე, რომლითაც ჩემს ქონებას სახელმწიფოს გადავცემდი. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, როცა მათ შევხვდი, ვკითხე, რას მერჩოდით-თქო და მიპასუხეს, ასე რომ არ მოგქცეოდით, კარცერიდან თავს არ გამოგვაყოფინებდნენო“, - განაცხადა წიკლაურმა.

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ახალგაზრდა ქალს  ეძებენ

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ქალს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მდინარეში მშვიდობის ხიდიდან გადავარდა.შემთხვევა პირველ აპრილს მოხდა.

კიტ კელოგი – უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა

უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა, – ამის შესახებ უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ ყოვლისმომცველ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. როგორც კი ამას მივაღწევთ, ომის განახლება ძალიან რთული იქნება. აი, რისი მჯერა მე“, – განაცხადა კელოგმა.კელოგის თქმით, ახლა აუცილებელია შეთანხმების პირობების ჩამოყალიბება, სადაც მკაფიოდ იქნება მითითებული უკრაინისა და რუსეთის მოთხოვნები ომის დასრულებისთვის. კელოგის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განაგრძობს კონტაქტს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.მისივე თქმით, ტრამპი შეძლებს ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევას.„ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის ზღვარზე ვართ, მაგრამ ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. ვერც ერთი მხარე ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს. საჭირო იქნება რაღაც დათმობა, რომ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნა კელოგმა.

თეთრი სახლის პრესმდივანი – „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკი ჯერ არ ტოვებს თავის თანამდებობას

ეს „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკი ჯერჯერობით არ ტოვებს თავის თანამდებობას, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი „პოლიტიკოს“ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება.„ეს „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკმა და პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ილონი დატოვებს საჯარო სამსახურს, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომელი, როდესაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში (DOGE) მისი შესანიშნავი სამუშაო დასრულდება“,- წერს ლევიტი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება.  

ბოლო სიახლეები