ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა. პროკურორის თქმით, ახობაძეს დაკავების დროს სამ გრ-ზე მეტი „ალფა პევეპე“ აღმოაჩნდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში ვიდეომტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატის თქმით, ახობაძე წარსულში ნასამართლევია. მისივე განცხადებით, ახობაძეს ის დანაშაულები ნაღიარები აქვს, ახლა კი, იმას, რაც არ ჩაუდენია, ვერ აღიარებს.
ადვოკატებმა დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა ალტერნატივის სახით 30 000-ლარის ოდენობით გირაო შესთავაზეს. ამასთან, მათ სასამართლოს თავდებში მყოფი პოლიტიკოსების სიაც წარუდგინეს. მათ შორის, ახობაძეს თავდებში ზურაბ ჯაფარიძეც ჩაუდგა.
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ახობაძე წარდგენილ ბრალს სამოქალაქო აქტივობას და აქციებზე სიარულს უკავშირებს.