დასახმარებლად ვინც მოვიდა, ვისაც შეეძლო, უბრალოდ ხანძრისთვის წყალი მიესხა, არცერთი ეზოშიც კი არ შეუშვეს, ვიდრე სახლი ბოლომდე არ დაიწვა. ამ დროს ბაბუაჩემი, ცოცხალი, დაჭრილი ადამიანი, სახლში იწვოდა, რაც შესანიშნავად იცოდნენ იმ სპეცრაზმელებმაც და ამ სპეცოპერაციის დამკვეთებმაც, – ამის შესახებ 2004 წელს სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის შვილმა, გიორგი აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი აფრასიძის თქმით, მეზობლებსაც არ მისცეს საშუალება, ადამიანი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოეყვანათ.
„არამარტო მეზობლები, მთელი სოფლის მოსახლეობა და სოფელთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა, მთელი სვანეთი იქ იყო იმ დღეს. არცერთი ადამიანი, ვინც იმ დღეს დასახმარებლად მოვიდა, ვისაც შეეძლო, უბრალოდ ხანძრისთვის წყალი მიესხა, სახლში, ეზოშიც კი არ შეუშვეს, ვიდრე სახლი ბოლომდე არ დაიწვა. ამ დროს ბაბუაჩემი, ცოცხალი, დაჭრილი ადამიანი, სახლში იწვოდა, რაც შესანიშნავად იცოდნენ იმ სპეცრაზმელებმაც და ამ სპეცოპერაციის დამკვეთებმაც. არა მხოლოდ თვითონ არ შეეცადნენ შველას, არამედ სხვებსაც – მეზობლებს არ მისცეს საშუალება, ადამიანი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოეყვანათ“, – განაცხადა გიორგი აფრასიძემ.